რატომ იყიდა შაკილ ო'ნილმა ერთ დღეში სამი Rolls-Royce Phantom-ი?
NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი, ლეგენდარული შაკილ ო'ნილი თავის ავტოფარეხს მუდმივად ეგზოტიკური და, ხშირად, გიგანტური ავტომობილებით ავსებდა — ეს აქამდეც ვიცოდით... თუმცა მის კოლექციაში არის ერთი მანქანა, რომლის შეძენის ისტორიაც ჰოლივუდური ფილმიდან ამოგლეჯილს ჰგავს. შაკმა 2004 წლის Rolls-Royce Phantom-ი მხოლოდ იმის გამო იყიდა, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი?
ეს ამბავი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ოქროს ხანაში მოხდა. შაკილ ო’ნილი ძვირადღირებულ ავტოსალონში ყოველდღიური ტანსაცმლით — სპორტული შარვლითა და მაისურით მივიდა. კონსულტანტმა, რომელმაც სუპერვარსკვლავი ვერ იცნო და უბრალო მოყვარული კალათბურთელი ეგონა, ზედმეტად თავხედური და დამცინავი შეკითხვა დასვა: „ნამდვილად გაქვთ იმის რესურსი, რომ ეს მანქანა შეიძინოთ?“
შაკმა ეს „გამოწვევად“ მიიღო. მან ადგილზევე, ერთ დღეში, არც მეტი, არც ნაკლები, სამი ცალი Rolls-Royce Phantom-ი იყიდა და ჯამში დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი დახარჯა. მოგვიანებით შაკი გულწრფელად აღიარებდა, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე იმპულსური და ფინანსურად დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო — მით უმეტეს, რომ იმ თავხედმა კონსულტანტმა ამ გაყიდვიდან უზარმაზარი საკომისიო ბონუსი მიიღო.
ეს Rolls-Royce Phantom-ი უნიკალური კიდევ იმიტომ არის, რომ ეს იყო ბრენდის პირველი მოდელი, რომელიც BMW-ს მფლობელობაში გადასვლის შემდეგ შეიქმნა და გამოვიდა. თუმცა, დრომ თავისი ქნა. შაქმა ეს მანქანა ჯერ კიდევ 2018 წელს გაყიდა და მას შემდეგ მისმა გარბენმა დაახლოებით 72 000 კმ-ს მიაღწია. მიუხედავად დიდებული წარსულისა, ეს მაინც 22 წლის მდიდრული სედანია, თანაც სოლიდური გარბენით.
როგორც ცნობილია, თანამედროვე ფანტომები წლების განმავლობაში ფასს მკვეთრად კარგავენ. ეს არ არის სპორტული კლასიკა — ეს კომფორტული სედანია, რომლის ნავიგაცია, მულტიმედია და ტექნოლოგიები დღევანდელ სტანდარტებთან მიმართებით უკვე ძალიან მოძველდა. ამასთანავე, ძველი Rolls-Royce-ის შენახვა და ტექნიკური მომსახურება ასტრონომიულ თანხებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, 2000-იანი წლების დასაწყისის Phantom-ები დღეს ბაზარზე ძირითადად $50 000-დან $90 000 დოლარამდე ფასობენ.
ო'ნილის კოლექცია იმითაც არის ცნობილი, რომ მასში თითქმის ყველა მანქანა სპეციალურად არის გადაკეთებული და მოდიფიცირებული. კალათბურთელის უშველებელი გაბარიტების გამო, სტანდარტული ავტომობილები მისთვის უბრალოდ პატარაა. შაკმა საკუთარ ზომებს მოარგო Ferrari-ს, Lamborghini-სა და Lucid-ის მოდელებიც კი — ის მსოფლიოში ერთადერთი ორკარიანი Lucid Air-ის მფლობელია!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს