იუთუბერი, ტანკი, დიდი ბრიტანეთი
Aa
Aa

ბრიტანელმა იუთუბერმა ჭაობიდან 60-ტონიანი ტანკი ამოათრია...

გზებზე თუ უგზოობაში ჭაობში გაჭედილი 4x4 ავტომობილის ამოყვანა საკმაოდ რთული და ხშირად ავტომობილის დაზიანებით დასრულებული პროცესია. თუმცა, წარმოიდგინეთ ოპერაცია, სადაც 60 ტონაზე მძიმე საბრძოლო ტექნიკა ათწლეულების განმავლობაში უძრავად დევს ჭაობიან ველზე, რომლის გარშემოც, შესაძლოა, აუფეთქებელი ნაღმები და საარტილერიო ჭურვები იმალებოდეს.

ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?

სწორედ ასეთი ექსტრემალური ამოცანის წინაშე დადგნენ YouTube-არხ Mr Hewes-ის დამფუძნებელი ჯო ჰიუზი და ბრიტანული ბოვინგტონის ტანკების მუზეუმის სპეციალისტები.

რატომ გახდა საჭირო ტანკის ჭაობიდან ამოთრევა?

მუზეუმი ამჟამად ცივი ომის პერიოდის ბრიტანული მძიმე ტანკის — Conqueror-ის რესტავრაციაზე მუშაობს, რომელსაც კოშკურა და მთავარი ქვემეხი აკლდა. ამ დეტალების დონორად გამოყენებას სწორედ მიტოვებულ Conqueror-ს უპირებენ, რომელიც დიდი ბრიტანეთის არმიის პოლიგონზე ათწლეულების განმავლობაში სამიზნედ გამოიყენებოდა.

თავდაპირველად ტანკი 65 ტონას იწონიდა. მიუხედავად იმისა, ეგზემპლარს ძრავი და გადაცემათა კოლოფი ამოცლილი აქვს, ლითონის მასა მაინც უზარმაზარია. თუმცა მთავარი პრობლემა სხვა რამ იყო — ტანკს მუხლუხო არ ჰქონდა. მუხლუხო ტანკის წონას ზედაპირზე თანაბრად ანაწილებს, რის გამოც მას ჭაობში გადაადგილება შეუძლია. მის გარეშე 65-ტონიანი ტანკის ბუქსირების მცდელობა იმით დასრულდებოდა, რომ ის მიწაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია მოქმედი სამხედრო პოლიგონი იყო, მიწის თხრა აუფეთქებელი საბრძოლო მასალის დეტონაციის რისკს შეიცავდა.

Conqueror-ისთვის შესაფერისი მუხლუხოების პოვნა თავისთავად რთული ამოცანა აღმოჩნდა (ეს ტანკი ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიდა). ამის შემდეგ სამხედრო ტექნიკა ჭაობშივე უნდა აეწიათ, რადგან მისი თვლები მიწაში სრულად იყო ჩაფლული. ამისთვის იუთუბერმა ადგილზე ბრიტანული არმიის ორი მძიმე ევაკუატორი Foden-ი მოიყვანა. ამ გიგანტურმა სატვირთოებმა ტანკი მიწიდან აწიეს, რის შემდეგაც დეტალის დამონტაჟება შესაძლებელი გახდა.

ბრიტანული სამხედრო ტექნიკის ისტორიაში Conqueror-ს საკვანძო ადგილი უკავია. ის დამაკავშირებელი რგოლია ცივი ომის ორ ლეგენდარულ მოდელს — Centurion-სა და Chieftain-ს შორის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ NATO-ს მოკავშირეები საბჭოთა მძიმე ტანკ IS-3-ის საპასუხოდ ახალ პროექტებს ქმნიდნენ. აშშ-მა შექმნა M103, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა Centurion-ის ბაზაზე უფრო მასიური Conqueror-ი ააგო. თუმცა, ასეთმა მძიმე და ნელმა ტანკებმა თავისი ნაკლოვანებები სწრაფადვე გამოავლინეს. ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვიანებით ისეთი უნივერსალური მოდელის შექმნა გახადა შესაძლებელი, როგორიც Chieftain-ია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები