პოლიცია, აშშ, ტოიოტა, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, კრიმინალი
Aa
Aa

უვადო პატიმრობა — კრიმინალები Toyota-ს SUV-ებს იტაცებდნენ და აფრიკაში ყიდდნენ

ავტომობილების ქურდობა გლობალური პრობლემაა, თუმცა ფილადელფიაში მოქმედი დაჯგუფება იმდენად ორგანიზებულად მუშაობდა, რომ ექსპორტის მარშრუტიც კი „გაჭრეს“ — კრიმინალები Toyota-ს ახალ ქროსოვერებსა და პიკაპებს აფრიკის შავ ბაზარზე გასაყიდად იტაცებდნენ. აშშ-ის პროკურატურის ცნობით, დაჯგუფების ხუთ წევრს 35 წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელი გამოუტანეს.

აშშ-ის სასამართლო ჩანაწერები დეტალურად აღწერს, თუ როგორ ირჩევდნენ დამნაშავეები კონკრეტულად Toyota-ს მოდელებს და როგორ დაეხმარა გამოძიებას მობილური ოპერატორების ციფრული მონაცემები ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებაში.

ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?

დაჯგუფება მცირე ჯგუფებად, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მოქმედებდა. მათი მთავარი სამიზნე ახალი თაობის SUV-ები, განსაკუთრებით კი Toyota Land Cruiser-ი და Toyota 4Runner-ი იყო. თავდამსხმელები ავტომობილის მფლობელებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ზოგ შემთხვევაში ცეცხლსაც უხსნიდნენ. რვაკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც 100-ზე მეტმა მოწმემ მისცა ჩვენება, მოსამართლემ მკაცრი განაჩენი გამოიტანა — 24 წლის მიქალ მაკრაკენს მიესაჯა უვადო პატიმრობას + 138 წელი, 23 წლის ალიმ აბდულ-ჰაკიმს — უვადო პატიმრობას + 28 წელი, 28 წლის დინ ფოსკს ციხეში 86 წლის გატარება მოუწევს, ხოლო 24 წლის კავონ კოულმენი საპატიმროს „სულ რაღაც“ 35 წელიწადში დატოვებს.

ასეთი ექსტრემალური სასჯელი იმით იყო განპირობებული, რომ ამ დანაშაულებრივ სქემას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის 6 თებერვალს, მორიგი შეიარაღებული თავდასხმისას, ბანდამ ავტომობილის მფლობელი მოკლა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მანქანის ელექტრონული გასაღები დარჩათ. პრობლემის მოსაგვარებლად მათ ხელოსანი დაიქირავეს ახალი გასაღების დასამზადებლად. პოლიციამ გატაცებულ ავტომობილს მალევე მიაგნო. იმის შიშით, რომ სამართალდამცავები ექსპერტიზით ხელოსანზე გავიდოდნენ და ის პოლიციასთან ითანამშრომლებდა, დაჯგუფებამ მისი მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა.

გამომძიებლები ციფრულ კვალზე სწორედ ამ დეტალმა გაიყვანა. პოლიციამ მობილური ანძების მონაცემები გააანალიზა. ამოღებული ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ორი კონკრეტული სმარტფონი თითქმის ყველა თავდასხმისა და მკვლელობის ადგილზე ფიქსირდებოდა. ტელეფონები, რომლებიც დამნაშავეებს თავდასხმების კოორდინაციისთვის სჭირდებოდათ, საბოლოოდ მათი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებად იქცა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Toyota-მ დაადასტურა! — მომავალ წელს WRC-ში ახალ Celica-ს ვიხილავთ?
    Toyota-მ დაადასტურა! — მომავალ წელს WRC-ში ახალ Celica-ს ვიხილავთ?