ხვიჩა კვარაცხელია, ბენტლი, პარი სენ-ჟერმენი, ბივაიდი
Aa
Aa

Bentley „პარი სენ-ჟერმენის“ პარტნიორი გახდა, თუმცა კვარა ახალ ავტომობილს ვერ მიიღებს

ავტომწარმოებელსა და საფეხბურთო კლუბებს შორის პარტნიორობა სიახლეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს. მაგალითად, გერმანული BMW მადრიდის „რეალის“ პარტნიორია და ყოველი სეზონის დასაწყისში სამეფო კლუბის პირველი შემადგენლობის წევრებს თავის ახალ ავტომობილებსაც ურიგებს. მსგავს პრაქტიკას მიმართავენ სხვა ავტომწარმოებლებიც — მაგალითად, ჩინური BYD ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ პარტნიორია, Cupra კი ავტომობილებს „ბარსელონას“ ფეხბურთელებს გადასცემს.

ასევე იხილეთ: როგორ შთანთქა Rolls-Royce-მა Bentley? - ბნელი ისტორია და უცნობი ფაქტები

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებსაც გაუხარდებოდათ იმის გაგება, რომ მათ კლუბთან ლეგენდარულმა ბრიტანულმა ბრენდმა Bentley-მ პარტნიორობა გააფორმა. თუმცა პარიზელებსა და Bentley-ს შორის მიღწეული პარტნიორობა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისგან განსხვავებულია.

Bentley-სა და ფრანგულ კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების მთავარი მიზანი გაცილებით ფართოა და ის ფეხბურთელებისთვის ავტომობილების გადაცემას არ ითვალისწინებს. მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებლის განმარტებით, მხარეები ფუფუნების, დიზაინის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შესწავლას იწყებენ და მათ შორის, პარტნიორობის ფარგლებში, ექსკლუზიური ღონისძიებების გამართვასა და გამოცდილების გაზიარებასაც გეგმავენ.

შესაბამისად, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები, იქნებიან ეს ჰაკიმი, რუისი, დემბელე თუ კვარაცხელია, ისევე როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ავტომობილის მიღების პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ. საფეხბურთო კლუბებსა და ავტომწარმოებლებს შორის გაფორმებული პარტნიორობის დიდ ნაწილში კი ეს ფეხბურთელების სურვილის მიხედვით მოდელის შერჩევისა და ინდივიდუალური კონფიგურაციით დაკომპლექტების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

ამ შეთანხმებების ფარგლებში, როგორც წესი, ფეხბურთელები მიღებული ავტომობილით ერთი წლის განმავლობაში სარგებლობენ, შემდეგ კი, თუ კონტრაქტი ვრცელდება, „ძველი“ მანქანის სანაცვლოდ, სეზონის დასაწყისში, ახალს იღებენ.

თუმცა, თუ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების შემოსავლებს გავითვალისწინებთ, Bentley-ს ავტომობილების დამოუკიდებლად შეძენა, სავარაუდოდ, მათთვის დიდ ფინანსურ სირთულეს არ წარმოადგენს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ პარიზელთა პარტნიორი ავტომობილების ჩინური მწარმოებელი BYD-ია, რომელთანაც კლუბს 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. ამ ხელშეკრულებით კი BYD ფეხბურთელებისთვის ავტომობილების გადაცემის ვალდებულებასაც იღებს.

Bentley-ს დირექტორთა საბჭოს წევრის, კრისტოფ ჟორჟის განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენი“ თანამედროვე პარიზისთვის დამახასიათებელი ენერგიისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. მისივე თქმით, თანამშრომლობის მიზანი ახალი და საინტერესო გზებით ორივე ბრენდის საზოგადოებების გაერთიანება და ამასთან, მათი შემოქმედებითობის, ინდივიდუალიზმისა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების წარმოჩენა“.

„პარი სენ-ჟერმენის“ შემოსავლების მიმართულების ხელმძღვანელის, რიჩარდ ჰიზელგრეივის შეფასებით კი, Bentley-ს მდიდრული ხედვა, რომელიც გამორჩეულ ისტორიასა და მემკვიდრეობას ეფუძნება, პარიზული კლუბის იდენტობასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას შეესაბამება. 

ცნობისთვის, Bentley-სა და პარიზელთა შორის პარტნიორობა 2028 წლამდე გაგრძელდება. შეიცვლება თუ არა პირობები, ამას ჯერ ვერ გავიგებთ. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები