საქართველო, ავტოიმპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები, მეორადი ავტომობილების ფასები, ირაკლი კუხიანიძე
Aa
Aa

„20 000 დოლარად ნორმალური ბრენდის მანქანა აღარ მოგდის ამერიკულ ბაზარზე“ — ირაკლი კუხიანიძე

„6-წლიანი ავტომობილები, რომელთა შემოყვანაც კანონით შეგვიძლია (მაგალითად, Toyota RAV4 რომ ავიღოთ), თუ აქამდე შემოგვყავდა და 16 ათასი დოლარი გვიჯდებოდა, ახლა 19 ათასი გვიჯდება“, — ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორი კომპანია CarMark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, 20 000 დოლარის ფარგლებში ამერიკაში პრემიუმ ბრენდის ავტომობილის შეძენა უკვე ჭირს, მაშინ როცა ჩინეთიდან ამ ფასად სრულიად ახალი მანქანის ჩამოყვანაა შესაძლებელი. როგორც ირაკლი კუხიანიძე განმარტავს, ფასების ზრდა ამერიკაში მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა გამოიწვია.

„დასაფიქრებელია, ამერიკიდან ჩამოიყვანო მეორადი ავტომობილი, რომელიც უნდა აღადგინო და ისე იმოძრაო, თუ სულ ახალი ავტომობილი ჩამოიყვანო ჩინეთიდან ზუსტად იგივე ფასად. მოსახლეობას ეძლევა ფართო არჩევანი, ვისაც როგორი მანქანა უნდა, იმას ჩამოიყვანს. თანაც, ნელ-ნელა მეორადი ავტომობილების ყიდვის დროც დამთავრდება. მომავალი წლიდან ახალი ავტომობილებიც მოექცევა ასაკობრივ ზღვარში და არჩევანი იქაც გამოჩნდება.

ჯერ ვერ ვისაუბრებთ გაყიდვების ვარდნიდან მიღებულ ზარალზე, რადგან ანგარიშგება არ გაგვიკეთებია, წელი არ გასულა და ეს აპრილის თვეში გვექნება. თუმცა, რასაც ვუყურებ, საცალო გაყიდვებში 65%-იანი ვარდნა გვაქვს, რაც დიდი ზარალია. უბრალოდ, ჯერ ციფრებში ვერ გესაუბრებით.

თუმცა, საერთო ჯამში, კომპანიებმა თვითონ უნდა იზრუნონ განვითარებაზე. ის, რომ კანონი მიიღეს, დავიქეცით და კომპანია დავხურეთ — ასეთი მიდგომა, მგონია, რომ სწორი არ არის. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ვფიქრობ, კომპანიის ხელმძღვანელები სწორედ იმისთვის ვართ, რომ ეს გამოსავალი ვიპოვოთ.

როგორც გითხარით, მეორადი ავტომობილები საკმაოდ გაძვირებულია, რისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც ამერიკაში არსებული მეორადი ავტომობილების კრიზისია. ამერიკის ავტოსტატისტიკის ბოლო მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, ამ ეტაპზე მეორადი ავტომობილები 7-დან 14%-მდეა გაძვირებული.

მაგალითად, თუ გვინდა, რომ 15-20 ათასი დოლარის ფარგლებში ჩამოვიყვანოთ ავტომობილი და ვისაუბროთ ნორმალური ბრენდის, პრემიუმ კლასის მანქანაზე (Mercedes, BMW X5 ან Porsche), 6-წლიანი მოდელი არ მოგვივა, რადგან ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ 20 ათასი დოლარის ფარგლებში ჩავეტიოთ, უნდა დავიწყოთ უფრო დაბალი კლასის ავტომობილების, მაგალითად, Chevrolet-ის ძებნა. ჩინეთიდან კი 20 ათას დოლარად სულ ახალი ავტომობილი მოგვდის.

ბევრი ასეთი ბრენდია, რომელიც იქნება სრულიად ახალი, მინიმუმ 5-წლიანი გარანტიით და ყველანაირად დაზღვეული ხარ, რომ ახალი ავტომობილის სამართავად დაჯდები. კი, შესაძლოა, ეს ახალი ბრენდებია, მაგრამ ევროკავშირსა და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შედის ჩინური ავტომობილები და ამართლებს. მეზობელ ქვეყნებშიც რომ ავიღოთ, სომხეთსა და აზერბაიჯანში ავტოპარკის 35-40% უკვე ჩინური ავტომობილებით შეიცვალა.

6-წლიანი ავტომობილები, რომელთა შემოყვანაც კანონით შეგვიძლია (მაგალითად, Toyota RAV4 რომ ავიღოთ), თუ აქამდე შემოგვყავდა და 16 ათასი დოლარი გვიჯდებოდა, ახლა 19 ათასი გვიჯდება.

ეს ტრანსპორტირების გაძვირების ხარჯზე და ამერიკულ ბაზარზე ავტომობილების ფასის ზრდის გამო ხდება. რეალურად, ცოტაა მანქანები, აუქციონებს კი ბევრი მონაწილე ჰყავს და, შესაბამისად, ძვირდება ლოტი“, — განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო - bpn.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები