„ჩვენ შოუ არ გვჭირდება“ | Porsche-ს ხელმძღვანელი Tesla-ს პრეზენტაციას აკრიტიკებს
მიხაელ ლაიტერსის განცხადებით, Porsche-ს მიზანია მომხმარებელს რეალური ტექნოლოგიური სიახლეები შესთავაზოს, იმის ნაცვლად, რომ ეფექტებითა და სანახაობრივი პრეზენტაციებით მიიპყროს ყურადღება.
Porsche-მ და Tesla-მ ახალი სპორტქარების წარდგენისთვის ერთი და იგივე თარიღი — 15 ოქტომბერი — შეარჩიეს. თუმცა ახალი მოდელის პრეზენტაციისთვის კომპანიებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომები შეარჩიეს. Tesla-მ თავისი Roadster-ის პროტოტიპი, დაპირებისამებრ, აფრინა და ჰაერში სალტოებიც აკეთებინა, Porsche-მ კი Mission S-ის კონცეპტუალური მოდელი გაცილებით ტრადიციული ფორმით წარადგინა.

ახლა კი შტუტგარტში ბაზირებული ავტომწარმოებლის ხელმძღვანელმა, მიხაელ ლაიტერსმა, მკაფიოდ მიანიშნა, თუ თავად რომელ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას და ცოტათი Tesla-ს პრეზენტაციაც გააკრიტიკა.
ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ლაიტერსმა Tesla-ს პრეზენტაცია ირიბად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ Porsche-ში სურთ, „სრულად გაემიჯნონ ნებისმიერი ტიპის სანახაობრივ [ეფექტის მოხდენაზე დაფუძნებულ]“ პრეზენტაციებს. მისივე განცხადებით, გერმანული კომპანიის მიზანი ნამდვილი, რეალური ინოვაციების ჩვენებაა.
Bloomberg-ის ცნობით, იმავე კონფერენციაზე ლაიტერსმა ასევე განაცხადა, რომ ავტომობილი განსხვავებულ სეგმენტზეა გათვლილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ Porsche სანახაობრივი პრეზენტაციებით Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას არც კი აპირებს.

რეალურად, ამ ორ პრეზენტაციას შორის განსხვავება მართლაც თვალსაჩინო იყო. ერთი მხრივ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, რომელმაც თითქმის 9-წლიანი დაანონსების შემდეგ Roadster-ის მფრინავი პროტოტიპი წარადგინა. მეორე მხრივ კი Mission S-ის შუაძრავიანი სუპერქარი, რომელიც მოდელების იერარქიაში 911-ზე მაღლა უნდა დადგეს. შესაბამისად, თუ კონცეპტუალური მოდელი სერიულ წარმოებამდე მივა, მისი ფასიც 911-ზე მაღალი იქნება.
ლაიტერსის განცხადებით, კონცეპტუალურმა მოდელმა უკვე პოტენციური მომხმარებლების „განსაკუთრებული ინტერესი“ გამოიწვია. Mission S გერმანული ავტომწარმოებლის სტრატეგიის ნაწილიცაა, რომელიც Porsche-ს უფრო ძვირადღირებული და ექსკლუზიური ავტომობილების სეგმენტში გადაიყვანს. შესაბამისად, Porsche-ს კონკურენტი აქ Ferrari უფროა, ვიდრე ამერიკული Tesla.

თუმცა Porsche-ს მთავარი მიზანი არა მხოლოდ კონკურენცია, არამედ კომპანიის მოგების გეგმის ცვლილებაა. ახალი მიდგომით, გერმანულ კომპანიას სურს, ბრენდის ექსკლუზიურობას დაეყრდნოს და მოდელების საშუალო გასაყიდი ფასიც გაზარდოს. შედეგად კი ნაკლები ავტომობილის გაყიდვით მისთვის სასურველი ფინანსური შედეგებიც დადოს.
ეს სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც Porsche ფინანსურ სირთულეებშია და თან ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირებასაც ებრძვის. თუმცა Porsche იმედოვნებს, რომ მისი ერთგული მომხმარებლები ექსკლუზიურ პროდუქტში მეტის გადახდას დათანხმდებიან და, შესაბამისად, ეს სტრატეგიაც იმუშავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს