Toyota-მ Corolla ახლა უკვე ჰიბრიდულ პიკაპადაც აქცია...
Corolla-ს პირველად გამოჩენიდან 60 წლის შემდეგ, Toyota-მ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სახელწოდება პიკაპს პირველად მოარგო. ახალი Toyota Corolla Deck მონოკოკური კონსტრუქციის კომპაქტური პიკაპია, რომელიც Corolla Cross-ის ბაზაზეა შექმნილი და მას ბრაზილიაში ააწყობენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Toyota Ford Maverick-ის კონკურენტის შექმნაზე ფიქრობს, ეს მოდელი, სავარაუდოდ, სხვა იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში Toyota Motor North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტეცუო ოგავამ მიანიშნა, რომ აშშ-ის ბაზრისთვის მომავალი კომპაქტური პიკაპის საფუძვლად უფრო დიდი მოდელი, RAV4 განიხილება.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
რაც შეეხება Corolla Deck-ს, მას სამხრეთამერიკულ ბაზარზე ისეთი მოწინააღმდეგეები დახვდებიან, როგორებიც Fiat Toro და Ram Rampage-ი არიან, ასევე მომავალი VW Tukan-ი, Renault Niagara და BYD Mako (არც ერთი არ გაგიგიათ არა? ეს იმიტომ, რომ ამ ბაზრისთვის ავტომწარმოებლები, როგორც წესი, მოდელებს სახელებს უცვლიან).
ვიზუალურად Corolla Deck-ი ოდნავ გაზრდილ Corolla Cross-ს ჰგავს, რომელსაც უკანა საბარგო პლატფორმა აქვს დამატებული. წინა მაშუქები, კაპოტი, ფრთები, საქარე მინა, წინა კარები, სარკეები და სახურავის ხაზი ქროსოვერთან საერთოა. თუმცა, წინა ბამპერი, როგორც ჩანს, ჩინური ბაზრის Toyota Frontlander-იდან არის გადმოტანილი — ძარის ფერში შესრულებული ჩანართით, განახლებული ჰაერმიმღებებითა და შეცვლილი სანისლე ფარებით. ინტერიერი Toyota-ს ჯერ არ უჩვენებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ განლაგება აქაც ქროსოვერის იდენტური იქნება — დამატებული პრაქტიკული დეტალებითა და პიკაპისთვის განკუთვნილი მასალებით.
კომპაქტური პიკაპი TNGA-C მონოკოკურ არქიტექტურაზეა აგებული, რომელსაც Corolla Cross-ი და Corolla-ს ოჯახის სხვა ძარის ტიპებიც (ჰეჩბეკი, სედანი, უნივერსალი) ეყრდნობიან. დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა უკანა კარზე არსებული HEV ემბლემა ცხადყოფს, რომ მოდელი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს