რატომ არ არის GTA-ში რეალური ავტომობილები?
როგორც იქნა, 13-წლიანი ლოდინი დასრულდა და Grand Theft Auto VI მთელმა მსოფლიომ იხილა. მოთამაშეთა და ინდუსტრიის ექსპერტთა ნაწილსაც მორიგ ჯერზე გაუჩნდა კითხვა — რატომ არ იყენებს Rockstar Games-ი რეალური ავტომწარმოებლების ბრენდებსა და მოდელებს, როდესაც სერიის ნაწილმა პირველივე სამ დღეში 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ახალი თამაშის შემოსავალმა კი მხოლოდ წინასწარი შეკვეთებით 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა?
მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერს ფინანსური რესურსი ნებისმიერი ლიცენზიის შესაძენად ეყოფოდა, Rockstar-ს ამის არგაკეთების რამდენიმე მყარი მიზეზი აქვს.
როგორც Rockstar-ის თანადამფუძნებელმა ჯეიმი კინგმა Killaz-თან ინტერვიუში აღნიშნა, საავტომობილო ბრენდებთან თანამშრომლობა ძვირი დაჯდებოდა და „ორივე მხრიდან უზარმაზარ ძალისხმევასა და სამუშაოს მოითხოვდა“. ამასთან, გასათვალისწინებელია თამაშის სპეციფიკაც — GTA VI, ისევე როგორც სერიის წინა ნაწილები, არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული როგორც სარბოლო სიმულატორი. აქ ავტომობილები საერთო გამოცდილების მხოლოდ ერთი ნაწილია და არა თამაშის მთავარი ღერძი. სარბოლო სიმულატორების შემქმნელები მწარმოებლებთან ერთად მუშაობენ, რათა ვირტუალურ სამყაროში თითოეული დეტალი ზუსტად გადმოიტანონ, რაც დროსა და რესურსს მოითხოვს.
გარდა ამისა, Rockstar Games-ს სურს, სრულად აკონტროლებდეს თამაშის შინაარსს და არ იყოს დამოკიდებული გარე პარტნიორების მოთხოვნებზე. კინგის თქმით, კომპანიას სურს, თამაშის მაქსიმალურად დიდი ნაწილი უნიკალური იყოს და არ სურს ვინმეს წინაშე იყოს ვალდებული. გარდა ამისა, Grand Theft Auto-ს სერია ყოველთვის ამერიკული რეალობის სატირულ ხედვას გვთავაზობდა და რეალური ავტომობილების არსებობამ შესაძლოა ეს ატმოსფერო დაარღვიოს.
გასათვალისწინებელია ავტომწარმოებლების რეპუტაციაც — ეს ბრენდები ყოველწლიურად მილიონობით — თუ მილიარდობით — დოლარს ხარჯავენ საკუთარი ბრენდის იმიჯის დასაცავად, ყურადღებით შერჩეული მარკეტინგული კამპანიების მეშვეობით. მაგალითად, Honda-მ რომ თავისი ავტომობილების ლიცენზია GTA-ს სერიას გადასცეს, მოთამაშეები CR-V-ებითა და Odyssey-ებით შეიარაღებულ თავდასხმებს განახორციელებდნენ და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახებოდნენ — რაც ნამდვილად არ არის ის, რისი წახალისებაც ასეთ ბრენდს სურს.
ბოლოს კი, GTA VI-ში წარმოდგენილი ავტომობილების დიდი ნაწილი ვიზუალურად ისედაც საოცრად ახლოს დგას რეალურ მოდელებთან. ეს არის თამაშზე მორგებული ვერსიები ისეთი მოდელებისა, როგორებიცაა Chevy Corvette, Lamborghini Huracán-ი და McLaren Senna, რომლებსაც თამაშში შესაბამისად Coquette D10, Tempesta და Emerus-ი ჰქვიათ. ასეთი ავტომობილების ულტრა-რეალისტური, ლიცენზირებული ვერსიების დამატება თამაშს პრინციპულად ახალს ვერაფერს შესძენდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს