რეიტინგი, ფორმულა 1, მერსედესი, ფერარი, რედ ბული
Aa
Aa

Formula 1-ის ყველაზე ძვირადRირებული გუნდები 2026 წლისთვის

ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის Formula 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების რეიტინგი გამოაქვეყნა. ტრადიციულად, პირველობას Ferrari ფლობს, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით 46%-ითაა გაზრდილი, თუმცა, გასული რეიტინგებისგან განსხვავებით, იტალიელებს სიაში კონკურენტები კიდევ უფრო უახლოვდებიან.

ასევე იხილეთ: ისტორია, რომელიც არ იცით: რატომ არ არიან ქალები F1-ში?

Forbes-ის შეფასებით, 2026 წლისთვის Ferrari-ს ღირებულება $9.5 მილიარდს აღწევს. მას კი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება Mercedes-AMG, რომლის ღირებულებაც წელს $9.2 მილიარდს უტოლდება. საინტერესოა, რომ ერთი წლის ჭრილში ტოტო ვულფის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდის შეფასება 53%-ით გაიზარდა. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Mercedes-ისთვის, კიმი ანტონელის წარმატებული სეზონის გათვალისწინებით, ურიგო არც მომდევნო 12 თვე იქნება.

ამერიკული გამოცემის მიერ შედგენილი F1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ხუთეულში McLaren-იცაა, $7.6 მილიარდის ღირებულებით. გასული წლის ჩემპიონს კი Red Bull Racing-ი მოჰყვება — $6.6 მილიარდით. მეხუთე პოზიციაზეა Aston Martin-ი — $4.75-მილიარდიანი შეფასებით.

ცნობისთვის, წლევანდელ სიაში შემავალი გუნდების საშუალო ღირებულება $5.2 მილიარდს აღწევს, რაც ერთწლიან ინტერვალში დაახლოებით 47%-იანი ზრდაა. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი $3.6 მილიარდს უტოლდებოდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ F1-ის გუნდების ღირებულების ზრდა ავტოსპორტისადმი ინვესტორების დაინტერესების გაძლიერებასა და შემოსავლების ზრდას უკავშირდება. არ უნდა გამოგვრჩეს 2021 წელს ჩემპიონატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელმაც ხარჯების ზედა ზღვარი შემოიღო. შედეგად, გუნდებს ხარჯების უკეთ განკარგვისა და მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. თუ მანამდე წამყვანი გუნდების წლიური ხარჯები $400 მილიონსაც აჭარბებდა, 2026 წლის სეზონისთვის ბიუჯეტის ზედა ზღვარი $215 მილიონს შეადგენს.

Forbes-ის შეფასებით, Formula 1-ის გუნდების ღირებულების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორების მხრიდან მაღალი დაინტერესებაა, რასაც F1-ში გუნდების მცირე რაოდენობა განაპირობებს. Cadillac-ის დამატების შემდეგ ავტოსპორტის უმაღლეს ჩემპიონატში სულ 11 გუნდი მონაწილეობს. ამ რაოდენობის ზრდა კი უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს ღირებულების ყველაზე მაღალი ზრდა Haas-მა დააფიქსირა. მართალია, ის კვლავ ბოლო, მე-11 ადგილზეა, თუმცა უკანასკნელ 12 თვეში მისი შეფასება 87%-ითაა გაზრდილი და $2.8 მილიარდს უტოლდება.

წარმოგიდგენთ 2026 წლისთვის Formula 1-ის ყველაზე ძვირადღირებულ გუნდებს:

#1. $9.5 მილიარდი
Ferrari

შემოსავალი: $850 მილიონი | საოპერაციო მოგება: $160 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფრედერიკ ვასერი

#2. $9.2 მილიარდი
Mercedes

შემოსავალი: $855 მილიონი | საოპერაციო მოგება: $225 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ტოტო ვოლფი

#3. $7.6 მილიარდი
McLaren

შემოსავალი: $794 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$58 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ანდრეა სტელა

#4. $6.6 მილიარდი
Red Bull Racing

შემოსავალი: $706 მილიონი | საოპერაციო მოგება: $33 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ლორან მეკისი

#5. $4.75 მილიარდი
Aston Martin

შემოსავალი: $464 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$27 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ენდი ნიუი

#6. $3.8 მილიარდი
Audi

შემოსავალი: $340 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$20 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: მატია ბინოტო

#7. $3.5 მილიარდი
Williams

შემოსავალი: $329 მილიონი | საოპერაციო მოგება: -$27 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ჯეიმს ვოულსი

#8. $3.4 მილიარდი
Alpine

შემოსავალი: $388 მილიონი | საოპერაციო მოგება: $22მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ფლავიო ბრიატორე

#9. $3.3 მილიარდი
Racing Bulls

შემოსავალი: $370 მილიონი | საოპერაციო მოგება: $10 მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: ალან პერმენი

#10. $3 მილიარდი
Cadillac

შემოსავალი: N/A | საოპერაციო მოგება: N/A | გუნდის ხელმძღვანელი: მარკინ ბუდკოვსკი

#10. $2.8 მილიარდი
Haas

შემოსავალი: $199 მილიონი | საოპერაციო მოგება: $13  მილიონი | გუნდის ხელმძღვანელი: აიაო კომაცუ

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები