Aa Aa
23 სექტემბერი 2020  |  11:40

2021 წლის BMW M3 და M4 მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება და 500 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს

და დიახ, მათ უზარმაზარი ცხაურა აქვთ.

როგორც პაპარაცულმა ფოტოებმა აჩვენეს, 2021 წლის M3-სა და M4-ს ზედმეტად დიდი ცხაურა აქვს. BMW-მ თავისი ახალი იდეა პირველად მე-4 სერიის დებიუტისას გაგვაცნო. თუ საკამათო ცხვირს გავცდებით და ავტომობილს დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ახალი M3 და M4 ტრადიციული BMW M ავტომობილის თვისებას ატარებს, რომელიც წარმადობაზე სრულად ფოკუსირებულია.

ახალ დიდ ცხაურასთან ერთად, რომელსაც ვერტიკალურის ნაცვლად ჰორიზონტალური გამყოფები აქვს, M3-სა და M4-ში კორპუსის თითქმის ყველა პანელი უფრო დაგრძელებული გვხვდება. ფრთები ბევრად უფრო განიერია, უკანა ბამპერზე უზარმაზარი დიფუზორია დამატებული, ხოლო 4 მაყუჩი ახლა უფრო მეტად გამოკვეთილია. წინა ფრთებს ვერტიკალური აეროდინამიკული არხები აქვს, ხოლო ღრმა გვერდითა თაღები დიფუზორის კონტურს მიყვება. შეუღებავი კარბონის სახურავი ახალ მოდელშიც გამოჩნდა, რაც უკვე, M ავტომობილის ხელწერად იქცა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს ლუქი ქონა სურს, კარბონის სახურავს ფოლადის მატერიალი ჩაანაცვლებს.

M3-სა და M4-ის ნესტოები S58 2-ტურბინიან, ერთ ხაზში ჩამწკრივებულ 6-ცილინდრიან ძრავას მალავს, რომელიც BMW X3 M-სა და X4 M-ში უკვე გაგვაცნო. ის 473 ცხენის ძალასა და 550 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Competition ვერსიებში კი სიმძლავრე 503 ცხენის ძალამდე და 650 გაიზრდება. უკანა ამძრაობის M3 და M4 0-დან 100-მდე 4.1 წამში აჩქარდება, მოგვიანებით კი MxDrive ვერსიას ვიხილავთ, რომელიც 3.8 წამში აჩქარდება.



საბაზისო M3 და M4 მოდელები 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება და ის სეგნემტში, ამ შეთავაზებით, ერთადერთი ავტომობილი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ მექანიკური კოლოფი 8-სიჩქარიან ავტომატიკაზე, რომლითაც Competition მოდელები გამოვა, 25 კილოგრამით უფრო მსუბუქია. მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძრავის ბრუნვის რიცხვის შეთავსებით იქნება წარმოდგენილი, თუმცა, მისი გათიშვა შესაძლებელი იქნება.



როგორც ზემოთ ვახსენეთ, სრული ამძრაობის მოდელი მოგვიანებით, მომავალ ზაფხულს იქნება ხელმისაწვდომი. სრული ამძრაობის სისტემა კი სხვა BMW-ების მსგავსად იმუშავებს. MxDrive-ს სრული გათიშვის ფუნქცია ექნება, და მძოლი მას მაშინ გამოიყენებს, როდესაც მოისურვებს. ორივე ტიპის ამძრაობა ელექტრონულად კონტროლირებადი თვითბლოკირებადი დიფერენციალით აღიჭურვება.

BMW-მ, დამატებითი სიმძლავრის სწორად გამოყენებისთვის, M3-სა და M4-ის შასიც გააუმჯობესა. ავტომობილებს ამორტიზატორებისა და ქვეჩარჩოს ადგილას მსხვილი გამაგრება აქვთ დაყენებული. M-ის დაჭიმული დაკიდება, ამორტიზაციის სხვადასხვა პარამეტრის მართვით, სტანდარტულად იქნება წარმოდგენილი. სპეციალურად M ავტომობილისთვის შექმნილი მსუბუქი დისკები სხვადასხვა ზომისაა - წინ 18-იანი დისკია დაყენებული, ხოლო უკან 19-იანი. Competition მოდელი წინ 19-იან დისკს, ხოლო უკან 20-იანს მიიღებს.



სტანდარტული მუხრუჭები წინა ნაწილში 38 სანტიმეტრიანი დიამეტრის როტორსა და 6 პისტონიან მომჭერებს მოიცავს, ხოლო უკან 36 სანტიმეტრიან როტორს და ერთ პისტონიან მომჭერს. მომხმარებლები დამატებით M Drive Professional პაკეტის შეძენასაც შეძლებენ. პაკეტი 10 პარამეტრიან მოცურების საწინააღმდეგო სისტემას, წამზომსა და Drift Analyzer-ს მოიცავს. ეს უკანასკნელი სისტემა დრიფტის პროცესის შესახებ ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორიც კუთხის გაზომვა და დრიფტის ხანგრძლივობაა. ინფორმაციის გაზიარებას iPhone-ის აპლიკაციით შეძლებთ.

გასაკვირი არ არის, რომ M-ის ახალი მოდელების სალონი ჩვეულებრივი მესამე და მეოთხე სერიებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ხის გაფორმება ხელმისაწვდომი არ არის. მყიდველმა არჩევანი მხოლოდ ალუმინსა და კარბონს შორის უნდა გააკეთოს. 25 სანტიმეტრიანი მაჩვენებელთა დაფა და 22 სანტიმეტრიანი მულტიმედიის ეკრანი, უფრო სპორტულ სავარძლებთან ერთად, სტანდარტულ პაკეტში შედის.



კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ BMW კომპლექტაციათა სიაში კარბონის ახალ ელექტრო სავარძლებს გვთავაზობს, რომელიც ავტომობილს 10 კილოგრამით ამსუბუქებს. ინტერიერი ახალი ფერებით იქნება ხელმისაწვდომი: Kyalami Orange, რომელიც სურათზე წარმოდგენილ M3-ს ამშვენებს, და Yas Marina Blue, რომლითაც სურათზე ნაჩვენები M4 არის წარმოდგენილი.

M3-სა და M4-ის შეძენა მომავალ წელს, მარტში იქნება შესაძლებელი. სრული ამძრაობის Competition მოდელი კი ზაფხულში გამოვა. M3-ის ფასი 70 000 დოლარიდან იწყება, მისი Competition ვერსია კი 74 000 დოლარი ეღირება. საბაზისო M4-ის ფასი ოდნავ ძვირი - 72 000 დოლარი იქნება, ხოლო მისი Competition მოდელის შეძენას კი 75 000 დოლარად შეძლებთ.

გაზიარება: