აშშ, საწვავის კრიზისი, დიზელი, გადაზიდვები, დიზელის ფასი
Aa
Aa

დიზელის ფასის ზრდამ აშშ-ში ბოლო 30 დღეში 16 გადამზიდი კომპანია გააკოტრა

მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში დიზელის ძრავები სულ უფრო იშვიათია, თუმცა სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში საწვავის ეს ტიპი დღემდე ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად რჩება. სწორედ ამიტომ, საწვავის ფასის ნებისმიერი მკვეთრი ნახტომი გადამზიდი კომპანიებისთვის ხშირად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

აშშ-ში დიზელის საწვავის რეკორდულმა გაძვირებამ ბოლო 30 დღის განმავლობაში 16 გადამზიდი კომპანია აიძულა, გაკოტრების პროცედურა დაეწყო.

გაკოტრებულ კომპანიებს შორის არიან როგორც მცირე საოჯახო ბიზნესები, ასევე მსხვილი ოპერატორები, რომლებიც ათეულობით სატვირთო ავტომობილს ფლობდნენ. მათ შორის აღმოჩნდა ფლორიდული კომპანიაც, რომელიც უშუალოდ Amazon-ის კონტრაქტორი იყო. ექსპერტების განმარტებით, სატვირთო გადაზიდვების სექტორში საწვავის ფასი პირდაპირ ჭამს მოგების მარჟას. მაღალი კონკურენციის გამო, მცირე და საშუალო კომპანიებს არ აქვთ საშუალება, გაზრდილი ხარჯები პირდაპირ მომხმარებლებს დააკისრონ. წლების განმავლობაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონისა და საექსპლუატაციო ხარჯების ზრდის შემდეგ, დიზელის გაძვირება ბევრი ოპერატორისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.

კრიზისის მასშტაბურობაზე მიუთითებს ისიც, რომ გაკოტრებული 16 კომპანიიდან 4 ტეხასში ოპერირებდა. შექმნილი ვითარების გამო, გუბერნატორმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით აგრარული სექტორის გადამზიდებს ფინანსური წნეხი შეუმსუბუქდება.

პრობლემა მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება — დიზელზე ფასების მატება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ინფლაციას სხვა სექტორებშიც ზრდის. ამასთან, ჩრდილოეთ შტატებში გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად, დიზელზე მოთხოვნა ენერგოსექტორშიც იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზამთრისა და დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, საწვავის ფასების შემცირებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები