Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  13:33

ჰამილტონმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო: ვალტერი ბოტასი რუსეთის გრან პრის გამარჯვებულია

დაიბრუნა ვალტერი ბოტასმა 2020 წლის სეზონში ჩემპიონობის შანსი?

კვალიფიკაციის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ყველაფერი ძველი სცენარის მიხედვით განვითარდებოდა. ჰამილტონი პოლ-პოზიციაზე იდგა და თითქოს, როგორც ყოველთვის მარტივი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, თუმცა, სტარტიდანვე ბოტასმა აგრესიულად შეუტია და ჩანდა, რომ ფინელი ამჯერად გამარჯვებას მარტივად არ დათმობდა.

პირველივე წრეზე რბოლას ლენს სტროლი გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ მას გუნდმა DRS-ს სისტემის განახლებული პაკეტი მოუმზადა, პერესისთვის კი იმავეს გაკეთება ვერ მოასწრეს. თუ გავითვალისწინებთ, ვისი შვილია ლენს სტროლი, გასაკვირი არ არის, რატომ მიიღო მან ეს სისტემა მეორედ და პერესმა ვერც ერთხელ. მექსიკელმა პილოტმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და რუსეთის გრან პრი მეოთხე პოზიციაზე დააასრულა. რბოლას პირველივე წრეზე კარლოს საინსიც გამოეთიშა.

ბოტასმა უპირატესობის მოპოვება მაშინ შეძლო, როცა ჰამილტონს ორი 5-წამიანი ჯარიმა მისცეს. ავტოსპორტის ზედმეტად გართულებული წესების გამო, ზუსტად რთულია იმის თქმა, ნამდვილად დაიმსახურა, თუ არა ბრიტანელმა ეს ჯარიმა. ჰამილტონმა ამ ჯარიმას რადიოში „სასაცილო“ უწოდა.

დღის მრბოლელი - შარლ ლეკლერი

ეს სეზონი „ფერარისთვის“ ნამდვილი კრახია და, თუნდაც მცირედი წარმატება, გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემია. შარლ ლეკლერმა თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ გამოვლინა და მეექსვე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ეს „ფერარისთვის“ სასურველი პოზიცია ვერ იქნება, მაგრამ ეს სეზონში ეს შედეგიც დამაკმაყოფილებელია.

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

1/53 - სტარტი! ბოტასი ჰამილტონს უტევს. ბრიტანელი პოზიციას ინარჩუნებს. ავარიის შემდეგ ლენს სტროლი და კარლოს საინსი რბოლას ეთიშებიან.  

7/53 - ჰამილტონი 5 წამით დააჯარიმეს! მალევე ცნობილი ხდება, რომ 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი მეორე 5-წამიან ჯარიმასაც მიიღებს.

17/53 - ჰამილტონი „პიტ-სტოპზეა“. მას 10-წამიანი ჯარიმის ანაზღაურება უწევს. რომელ პოზიციაზე დაბრუნდება ბრიტანელი? ტრასაზე რიკიარდოს წინ დაბრუნდა. ამაზე კარგ შედეგს „მერსედესი“ ვერც ინატრებდა!

36/53 - კიდევ ერთი ყველაზე სწრაფი წრე! როგორც ჩანს ის ქულას ყველაზე სწრაფი წრისთვისაც მიიღებს.  

ბოტასი რუსეთის გრან პრის გამარჯვებულია. 2020 წლის სეზონში ეს მისი მეორე გამარჯვებაა. მაქს ფერშტაპენი მეორეა, ჰამილტონი - მესამე.

დღის რადიო

„კარგი დროა ჩემი კრიტიკოსებისთვის მადლობის გადასახდელად... ყველას ვისაც გეხებათ **** “... - თქვა რბოლის გამარჯვებულმა. ძნელი მისახვედრი არაა, რომელი ინგლისური უწმაწური სიტყვა გამოიყენა ბოტასმა. როგორც ჩანს, ფინელს ყელში ამოუვიდა ის, რომ მის შესაძლებლობებს ფორმულა 1-ს მოყვარულები არასათანადოდ აფასებენ და მას ხშირად „ჰამილტონის ძაღლსაც“ უწოდებენ.  

არ შეიძლება გამოგვრჩეს დენიელ რიკიარდოს და მისი გუნდის საუბარიც. შედარებისთვის, მას შემდეგ, რაც ჰამილტონს 10-წამიანი ჯარიმის შესახებ შეატყობინეს, მან, როგორც ჩვევია ხოლმე, უკმაყოფილება გამოხატა და სტიუარდების გადაწყვეტილებას „სასაცილო“ უწოდა. როცა გუნდმა დენიელ რიკიარდოს შეატყობინა, რომ მას 5-წამიანი ჯარიმა ჰქონდა, „რენოს“ პილოტმა უპასუხა, რომ შეეცდებოდა უფრო სწრაფად ეარა და ეს დრო აენაზღაურებინა.

ნიშნავს ეს გამარჯვება იმას, რომ ბოტასმა ჩემპიონობის იმედი დაიბრუნა? მოდით, სატურნირო ცხრილს გადავხედოთ. ჰამილტონს 205 ქულა აქვს. ვალტერი ბოტასს - 161. 44-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ თეორიული შანსი მაინც არსებობს. 2020 წლის სეზონის დასრულებამდე 7 რბოლაა დარჩენილი. ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა წელს ლუის ჰამილტონი შუმახერის რეკორდთან გათანაბრებას!

 

გაზიარება: