საინტერესო, სასარგებლო ინფო, ლედი, ლედ ნათურები, ჰალოგენი, ჰალოგენური მაშუქები
Aa
Aa

LED ნათურები ჰალოგენების წინააღმდეგ: რომელია უკეთესი?

ავტომობილების უმეტესობა ქარხნულად ჰალოგენური მაშუქებით არის აღჭურვილი. მათი წარმოება ძვირი არ ჯდება და ფუნქციასაც კარგად ასრულებს. ბოლო წლებში ავტომწარმოებლებმა ახალი ავტომობილების LED მაშუქებით აღჭურვა დაიწყეს, მაღაზიები კი შესაბამისი LED ნათურებითაა სავსე.

მოდით, ჰალოგენური და LED ნათურები ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.

ჰალოგენური მაშუქები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰალოგენური ნათურები ავტომობილებში ყველაზე ფართოდ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია ახალი არ არის, თუმცა მაქსიმალურადაა გათანამედროვებული.

ჰალოგენური მაშუქი ვარვარების ნათურის ნაირსახეობაა, რომელიც ჰალოგენური ორთქლითაა სავსე (ჩვეულებრივ ნათურებში, ძირითადად, არგონი გამოიყენება). ჰალოგენური გაზი ნათურის ექსპლუატაციის ვადას მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.

ვოლფრამის ძაფში ელექტრული დენის გავლისას ეს უკანასკნელი ცხელდება და სინათლეს გამოსცემს. ამ დროს ენერგიის დიდი ნაწილი სითბოს სახით გამოიყოფა, რის გამოც ჰალოგენური ნათურის კორპუსიც ცხელდება.

ამგვარი ნათურების პოპულარობის მიზეზი მათი სიმარტივე და დაბალი ფასია. HID და LED მაშუქებისგან განსხვავებით, ჰალოგენური სისტემა მინიმალურ ელექტრონიკას მოითხოვს. თუ ნათურა მუშაობას წყვეტს, ეს, როგორც წესი, ვოლფრამის ძაფის დაზიანებაზე მიუთითებს. სწორედ კონსტრუქციული სიმარტივე განაპირობებს მათ ხელმისაწვდომობას.

LED ნათურები

არც LED (შუქდიოდური) ტექნოლოგიაა ახალი, თუმცა იგი ჰალოგენური ნათურისგან პრინციპულად განსხვავებულად მუშაობს. მას არ გააჩნია ვოლფრამის ძაფი; ნაცვლად ამისა, ელექტრული დენი გადის ნახევარგამტარში, რომელიც გამოყოფს ფოტონებს და, საბოლოო ჯამში, წარმოქმნის სინათლეს.

სითბოს LED მაშუქებიც გამოყოფს, თუმცა გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ჰალოგენური. ამ ნათურების ექსპლუატაციის ვადა პირდაპირაა დამოკიდებული სამუშაო ტემპერატურაზე, რის გამოც LED-ს აქტიური გაგრილება სჭირდება. სწორედ გაგრილების სისტემის გამოა იგი ჰალოგენურ ნათურაზე დიდი, რაც ხშირად პრობლემას ქმნის მისი სტანდარტულ ბუდეში მოთავსებისას.

უფრო მკვეთრი, თეთრი განათების მისაღებად ნახევარგამტარის მახასიათებლების შეცვლაა შესაძლებელი, მაშინ როცა ჰალოგენის შემთხვევაში ეს მხოლოდ ძაფის წვის ტემპერატურის გაზრდით მიიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ LED ნათურები დაბალ ძაბვაზე მუშაობს, მათი აგებულება ბევრად რთულია. გამაგრილებელი სისტემა და დამხმარე ელექტრონიკა მუდმივ კონტროლს საჭიროებს, თუმცა, ამავდროულად, ეს ნათურები გაცილებით დიდხანს ძლებს.

ნათების ეფექტურობა

ნათების ეფექტურობა არის გამოსხივებული შუქის ნაკადის თანაფარდობა მოხმარებული ენერგიის რაოდენობასთან. ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად გარდაქმნის სინათლის წყარო ენერგიას ადამიანის თვალისთვის ხილულ შუქად. ჰალოგენური ნათურის ეფექტურობა, საშუალოდ, 25 ლუმენია ვატზე (25 lm/W). ამ მხრივ LED ტექნოლოგია ყველაზე ეფექტურია — მისი მაჩვენებელი 72 ლუმენს აღწევს ვატზე. შესაბამისად, 10-ვატიანი LED ნათურა ისეთივე ინტენსივობის სინათლეს გამოსცემს, როგორსაც 60-ვატიანი ჩვეულებრივი ნათურა.

შეჯამება

LED ნათურები უკეთ ანათებს, უფრო თეთრ სინათლეს გამოსცემს და გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ჰალოგენური ნათურები. თუმცა, კონსტრუქციული სირთულის გამო, ჰალოგენური ნათურები ჯერ კიდევ უფრო ფართოდ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლები LED ტექნოლოგიების გამარტივებაზე მუდმივად ზრუნავენ და საკუთარ მოდელებში მათ სულ უფრო ხშირად ნერგავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰალოგენური მაშუქების თვითნებური ჩანაცვლება LED ნათურებით რეკომენდებული არ არის და ზოგ ქვეყანაში ეს კანონითაც კი იკრძალება.

მთლიანობაში, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული LED ტექნოლოგიაა. თუ თქვენთვის ხარისხიანი განათება პრიორიტეტულია, მაშინ მასში გადახდილი თითოეული თეთრი ნამდვილად ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები