აეროდინამიკა, პროტოტიპები, ფოლცვაგენი, ფოლკსვაგენი, ფოლკსვაგენ იქსელ1, ფოლკსვაგენ მიშენ ეფიშენსი
Aa
Aa

ფოლკსვაგენმა სამყაროს აჩვენა, რომ ეფექტიანი მოდელების შექმნა ისევ შეუძლია

სიჩქარე ნამდვილად ამაღელვებელია, თუმცა Volkswagen-ს მიაჩნია, რომ ამ ემოციის მინიჭება ენერგოეფექტურობასაც შეუძლია. გერმანულმა ბრენდმა ახალი ჰიპერ-ეფექტური კონცეპტი Mission Efficiency წარადგინა, რომელიც 2013 წლის ლეგენდარული და გიჟური VW XL1-ის სულსა და სტილს აცოცხლებს.

წვეთისებური ფორმის 2+2 კუპეს აქვს საკმაოდ ტრადიციული წინა ნაწილი, თუმცა პროტოტიპი უკანა მხარეს საგრძნობლად ვიწროვდება. ამ აეროდინამიკურმა ფორმამ და ულტრა-ვიწრო საბურავებმა ავტომობილს 0.158 Cd აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მიანიჭა. შედარებისთვის: Lucid Air-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აეროდინამიკურ სერიულ ავტომობილად ითვლება, ეს მაჩვენებელი 0.197 Cd აქვს.

კორპუსის ქვეშ Mission Efficiency ფაქტობრივად მომავალი ID. Polo-ს ბაზაზეა აგებული — აგრეგატი 133 ცხენისძალიანი ელექტროძრავაა, რომელიც წინა ღერძზეა განთავსებული და ავტომობილს 100კმ/სთ-მდე 9 წამში აჩქარებს. ბატარეა 54კვტ/სთ-იანია და, შესაბამისად, ვოლფსბურგიდან ვენამდე (1278 კმ) რეალურ საგზაო ტესტირებაზე პროტოტიპმა ერთი დამუხტვით 663კმ-ის გავლა შეძლო. 

გარდა ამისა, ინჟინრებმა სახურავის მინაში 370-ვატიანი მზის პანელი ჩააშენეს, რომელსაც მზიან ამინდში დღეში დამატებით 30 კმ სვლადობის უზრუნველყოფა შეუძლია. წონის მაქსიმალურად შესამცირებლად ფოლკსვაგენმა რამდენიმე რადიკალურ ხერხსაც მიმართა — ინჟინრებმა სრულიად ამოიღეს ჰიდრავლიკური მილები და სამუხრუჭე სითხე. კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, ხოლო კარები, საბარგული და კაპოტი — ნახშირბადის ბოჭკოსგან. ასევე, სალონში საერთოდ არ არის მულტიმედიის ეკრანი ან დინამიკები.

მასობრივ წარმოებაში Mission Efficiency, რა თქმა უნდა, არ ჩაეშვება, თუმცა მისი ტექნოლოგიები (მაგალითად, უსითხო უკანა მუხრუჭები) მომავალ სერიულ ელექტრომობილებში აუცილებლად გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ფერდინანდ პიეხის მიერ ჩაფიქრებული ორიგინალი XL1 სულ 250 ეგზემპლარად გამოვიდა და ნახშირბადის კორპუსით ნამდვილ ჰიპერქარს ჰგავდა. ახალი Mission Efficiency კი გვაჩვენებს, რომ Volkswagen-ისთვის ეფექტურობის მისია დღეს კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები