ფორდი, ტუნინგი, ფორდ ფოკუსი, ფორდ ფოკუს ესთი
Aa
Aa

ახალი Ford Focus RS-ის მოლოდინში: Mountune-ის 2020 Ford Focus ST

ახალი ჰეჩბეკი ბოლო Focus RS-ს მხოლოდ 20 ცხენით ჩამორჩება.

Mountune უკვე დიდი ხანია, რაც „ფორდის“ ძრავების გაძლიერებაზე მუშაობს, ძირითადად EcoBoost-ის ძრავებზე, რომლებიც უმეტეს წილად Fiesta-სა და Focus-ში გვხვდება. მათი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი 684-ცხენისძალიანი მესამე თაობის Ford Focus RS გახლავთ. 

ამერიკულმა მწარმოებელმა მეოთხე თაობის „ფოკუსის“ RS ვერსია არ გვაღირსა, ამიტომ Mountune-ის გუნდმა ახალი Ford Focus ST-ს დატუნინგება გადაწყვიტა.

ცვლილებების შედეგად 2,3-ლიტრიან ძრავას 50 ცხენის ძალა და 95 ნმ მაბრუნი მომენტი მოუმატეს. 325 ცხენის ძალით ახალი Focus ST ბოლო Focus RS-ს მხოლოდ 20 ცხენით ჩამორჩება, სამაგიეროდ მაბრუნი მომენტი 41 ნმ-ით მეტი აქვს.

Mountune აცხადებს, რომ მათ მიერ გადამუშავებული Ford Focus ST 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 5 წამზე ოდნავ მეტს ანდომებს. Focus RS-ზე სწრაფი ნამდვილად არაა, მაგრამ სტანდარტულ 2020 Ford Focus ST-ს ყველაზე ცოტა ნახევარ წამს უგებს.

ტუნინგის ღირებულება £599-ს შეადგენს, რადგან მხოლოდ კომპიუტერული ჩარევაა საჭირო. Mountune ასევე გარანტიას იძლევა და მათი m300 Package-ის დაყენება მომხმარებელს თავადაც შეუძლია, რადგან ტუნინგის გააქტიურება OBD პორტის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძლება.

ჭორები დადის, რომ „ფორდის“ ბრიტანეთის ქარხანაში ახალ Focus RS-ზე მუშაობენ და გამოშვებას აპირებენ, მაგრამ წარდგენის თარიღი ჯერ უცნობია. გასაკვირიც არაა, რადგან ავტომობილის ძალოვანი აგრეგატი საერთოდ არაა მზად. ძრავას  შემუშავების პროცესში მათ გამონაბოლქვის ახალი მკაცრი რეგულაციები ვერ დააკმაყოფილეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები