კრისტიან ფონ კიონიგსეგი: „ინსპირაციის წყარო MX5 გახდა“
Koenigsegg Gemera მსოფლიოს პირველი მეგა-GT ავტომობილად აღიარეს. ოთხადგილიანი, 1700-ცხენისძალიანი 400 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარის მქონე Gemera Mazda MX5-ს არაფრით ჰგავს, მაგრამ როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, „კიონიგსეგის“ თითოეული მანქანა იაპონური პატარა სპორტული ავტომობილის გათვალისწინებით იწყობოდა.
კრისტიან ფონ კიონიგსეგი MX5-ის შესახებ ამბობს, რომ „MX-5-ებს მართვისგან მიღებული განუმეორებელი შეგრძნებები ახასიათებს, ეს განსაკუთრებით ძველ მოდელებში იგრძნობა.“ ასევე ახსენა, რომ „ „კიონიგსეგის“ არსის გაგება ყველას არ შეუძლია, რადგან მას ცხენის ძალების და მაქსიმალური სიჩქარის მაღალი მაჩვენებლები ფარავს.“
შვედური ავტომწარმოებელი ყოველ წელს უფრო და უფრო რადიკალურ, სწრაფ და ძლიერ ავტომობილებს უშვებს და თითოეულ ახალ მოდელს ამ განსაცვიფრებელი მაჩვენებლების მიღწევის ახალი, უნიკალური ხერხების გამოგონება თან ახლავს. Gemera ამის იდეალური მაგალითია, რომელიც 2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ტურბო ძრავით, ელექტროძრავებთან ერთად, 1700 ცხენის ძალას აწარმოებს და თან შუაძრავიანი 4-ადგილიანი GT კლასის ავტომობილია.
კრისტიანი ხსნის, რომ „ძირითად აქცენტებს ავტომობილის ტარებისგან მიღებულ გამოცდილებასა და შეგრძნებებზე, მის მართვასა და მძღოლთან უკუკავშირზე და ბოლოს მის სისწრაფეზე ვაკეთებთ. პრიორიტეტების ასეთი თანმიმდევრობის გათვალისწინებით, მსგავსი იდეით შექმნილი ავტომობილი Mazda MX-5-ია, რომელიც ჩვენი ინსპირაციის წყაროდ იქცა.“

კრისტიანისთვის MX-5-ის თვისებები ძალიან კარგად ცნობილია, რადგან მასთან პირადად ჰქონდა შეხება. „მაზდას“ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და იგი მის ცხოვრებაში ბევრად უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ჰიპერქარების შექმნის იდეა.
იმდენად უყვარდა MX-5, რომ მას შემდეგ, რაც „კიონიგსეგი“ მსოფლიოში ჰიპერქარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდა, კრისტიანმა ზუსტად ის MX-5 იყიდა, რომელიც ახალგაზრდობაში ჰყავდა.
„ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ეს მანქანა დღემდე მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვატარებ. ბევრი ცხენის ძალის გარეშეთაც უზომო სიამოვნების მიღება და გართობაა შესაძლებელი, რასაც MX-5 ადასტურებს.“ - ამბობს კრისტიანი.
კრისტიანს ამ იაპონურ პატარა ავტომობილთან ძალიან ძლიერი და კარგი დამოკიდებულება აქვს, თუმცა მის შემოქმედებაში MX-5-ის სული არ იკვეთება.
4-ადგილიანი „საოჯახო“ ავტომობილის წარდგენის შემდეგ, შესაძლოა კრისტიანი პატარა მსუბუქი სუსტი სპორტული ავტომობილის ბაზრისკენ გაიხედოს და Mazda MX-5-ის თავისებური შვედური ვარიანტი შემოგვთავაზოს.