Subaru SVX-განსხვავებული აზრი
1989 წელს ტოკიოს აუტოშოუზე „სუბარუმ“ კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ფუტურისტული მოდელი წარადგინა და მას SVX-ი უწოდა.
ეს მოდელი ყველა სხვა დანარჩენებთან შედარებით განსხვავებული იყო. ავტომობილის იდეა სრულფასოვანი და კომფორტული „კუპეს“ შექმნა იყო, რომელიც დიზაინით განსხვავებული იქნებოდა. კომპანიამ დიზაინის შექმნაზე ცნობილ იტალიელ დიზაინერს Giorgetto Giugiaro-ს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, „სუბარუმ“ თავისი მომავლის ხედვა წარმოადგინა: სუბარუს ტრადიციული „ოპოზიტური“ ძრავა, რომელიც 6 ცილინდრიანი 3.3 ლიტრი მოცულობის იყო და 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავი ატმოსფერული იყო და 4 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იყო მიერთებული, რომელიც მაბრუნ ძალას ოთხივე საბურავზე ანაწილებდა.

ავტომობილის ზედა ნაწილი თვითმფრინავის კაბინას ძალიან წააგავს, რის გამოც ინტერიერი საკმაოდ უჩვეულო გამოვიდა, თუმცა მას სხვა მანქანებისგან ყველაზე მეტად ორად გაყოფილი გვერდითა შუშები გამოარჩევს. ეს გადაწყვეტილებაც Giugiaro-ს ეკუთვნოდა. გვერდითა შუშების მხოლოდ მეორე ნახევრები მოძრაობდა, რაც მალევე ამ მოდელის სავიზიტო ბარათი გახდა. აღნიშნული მოდელი თითქმის 6 წელი იწარმოებოდა, მაგრამ მიუხედავად ამ ხანგრძლივი პერიოდისა სულ 24 379 ერთეული იყო წარმოებული, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა.