ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის თვის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ჩინურია
ბრიტანეთის საავტომობილო ბაზარმა 2026 წლის მარტში არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა — ისტორიაში პირველად, გაყიდვების რეიტინგის სათავეში ჩინური ავტომობილი მოექცა. Jaecoo 7-მა, რომელიც Chery-ს ჯგუფში შედის, უკან ჩამოიტოვა ისეთი აღიარებული ლიდერები, როგორებიცაა Ford Puma და Nissan Qashqai.

რეინჯ როვერი ტემუდან — ბრიტანელების ახალი რჩეული
ინტერნეტში Jaecoo 7-ს მეტსახელი Temu Range Rover ბაზარზე გამოჩენისთანავე შეარქვეს, რაც ვიზუალურ მსგავსებასა და ხელმისაწვდომ ფასზე მიანიშნებს. მარტში ამ მოდელის 10 064 ერთეული გაიყიდა. შედარებისთვის, Ford Puma-ს მაჩვენებელი 9 193-ია, ხოლო Nissan Qashqai-ს — 8 718.
ასევე იხილეთ: „Range Rover-ი Temu-დან" — გაერთიანებულ სამეფოში Jaecoo-ს მოდელები მოსწონთ
წლის ჯამური მონაცემებით, Jaecoo 7 უკვე მეორე ადგილზეა და სულ ცოტათი ჩამორჩება Ford Puma-ს. წარმატების მთავარი მიზეზი დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიაა, რომელზეც მარტის გაყიდვების 85% მოდის. ავტომობილს მხოლოდ ელექტროენერგიით 90 კმ-ის გავლა შეუძლია, რაც მას საგადასახადო შეღავათების კატეგორიაში აქცევს.
ზოგადად, 2026 წლის მარტი ბრიტანეთისთვის ამ მიმართულებით, 2019 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი თვე გამოდგა — სულ ბაზარზე 380 627 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა. განსაკუთრებული ზრდა კი ელექტრომობილებმა და ჰიბრიდებმა აჩვენეს: დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 46.9, ხოლო ელექტრომობილების გაყიდვები 24.2%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, სრული ელექტრომობილების წილი ბაზარზე (22.6%) ჯერ კიდევ ჩამორჩება მთავრობის მიერ 2026 წლისთვის დაწესებულ 33%-იან გეგმას.
მიუხედავად რეკორდული გაყიდვებისა, ინდუსტრიის ექსპერტები მაინც შეშფოთებულები არიან. ავტომწარმოებლებს უწევთ კოლოსალური ფასდაკლებების დაწესება, რათა გაყიდვების ტემპი შეინარჩუნონ. ამას ემატება ბატარეების გაძვირება და საზოგადოებრივ დამმუხტველებზე ფასების 140%-იანი მატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ირანის მიმდინარე კრიზისი. მართალია, საწვავზე ფასების ზრდა ბევრს ელექტრომობილისკენ უბიძგებს, მაგრამ საერთო ეკონომიკური გაურკვევლობა სამომხმარებლო ნდობას ასუსტებს. ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების (SMMT) ხელმძღვანელი, მაიკ ჰოუზი, აღნიშნავს, რომ მარტის შედეგები ძირითადად კრიზისამდე გაფორმებული შეკვეთების დამსახურებაა და სამომავლოდ ბაზარს სერიოზული გამოწვევები ელის.