Aa Aa
6 ივლისი 2022  |  10:00

რა არის ჰალო და როგორ შეუძლია მას პილოტების გადარჩენა?

ბრიტანეთის გრან პრის ტომ კრუზი ესწრებოდა და რბოლაც მის ერთ-ერთ ფილმს დაემსგავსა.

ბრიტანეთის გრან პრის დაწყებისთანავე „სილვერსტოუნის“ ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს. მიზეზი Alfa Romeo-ს ჩინელი პილოტის გუანიუ ჯოუს საშიში ავარია იყო. სტარტზე ერთმანეთს გუანიუ ჯოუ, პიერ გასლი და ჯორჯ რასელი შეეჯახნენ. ჩინელის ბოლიდი გადაბრუნდა, მაყურებლების ტრიბუნისკენ გასრიალდა, ჰაერში აიჭრა და ბარიერებს შორის ჩავარდა. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ავარიას ჯოუ ცოცხალი გადაურჩებოდა. თუმცა, ჩინელი პილოტი საავადმყოფოდან ავარიის შემდეგ ერთ საათში გამოწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

„ჰალომ სიკვდილისგან მიხსნა“, - წელს გუანიუ ჯოუ სოციალურ ქსელებში.

უსაფრთხოების ამ ელემენტის გამოჩენას თავის დროზე დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რომენ გროჟანი საშიში ავარიის შემდეგ ჰალომ გადაარჩინა, კრიტიკოსები დადუმდნენ. ახლა კი უსაფრთხოების ამ ელემენტის საჭიროებაში ეჭვი აღარავის ეპარება.

ასეთი საშიში ავარიის შემდეგ უვნებლად გადარჩენა, იმაზე მიუთითებს, რომ ფორმულა 1-ში უსაფრთხოებამ წარმოუდგენელ დონეებს მიაღწია.

რა არის ჰალო?

ჰალო ჩანგლური ფორმის ტიტანიუმის ძელაკია, რომელიც ღია კაბინის ზემოთ, მძღოლის თავის გარშემოა დამაგრებული. ის აეროდინამიკულიცაა და პილოტებს ბოლიდში ჩაჯდომასა და გადმოსვლაში ხელს არ უშლის.

მისი დიზაინი შექმნილია ისე, რომ ლონდონის ორსართულიანი ავტობუსების წონას გაუძლოს - 12 ტონის ექვივალენტს. ჰალოს, რეგულაციების მიხედვით 7 კილოგრამს იწონის.

რატომ და როდის დანერგეს ჰალოს გამოყენება?

ფორმულა 1 ყოველთვის საშიში სპორტი იყო, მაგრამ ბოლო ათწლეულებში უსაფრთხოების საკითხს უფრო ყურადღებით მიუდგნენ. ეს 2009 წელს ფორმულა 2-ში ჰენრი სარტისის გარდაცვალების და 2014 წელს იაპონიის გრან პრიზე ჟულ ბიანკის ავარიას და შემდგომში გარდაცვალების გამო მოხდა. ასევე „ინდიქარში“ 2015 წელს ჯასტინ უილსონი გარდაიცვალა.

სარტისის და უილსონის გარდაცვალება ასხლეტილი დეტალის თავში მოხვედრამ გამოიწვია.

ჰალო ფორმულა 1-ში პირველად 2016 წელს გამოცადეს. 2018 წელს კი ეს ელემენტი, მძღოლების გადაბრუნებისგან და ანასხლეტების მოხვედრისგან დასაცავად, სავალდებულო გახდა.

რამდენიმე წლიანმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს იყო ერთადერთი წარმატებული უსაფრთხოების ელემენტი, რომელიც 240კმ/სთ სიჩქარეზე გამოტყორცნილ საბურავს უმკლავდებოდა. ასევე ერთადერთი იყო, რომელიც პილოტებს ხედვას არ უზღუდავდა.

წინააღმდეგობიდან მხარდაჭერამდე

თავდაპირველად ჰალოს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ შორის იყო იმ დროს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნიც.

„ხალხს მისი ესთეტიკა არ მოეწონა. ხალხს იმიტომ არ მოსწონდა, რომ პილოტების თავზე დიდი ძელი იყო“, - ამბობს ფორმულა ერთის კომენტატორი ჰარი ბენჟამინი.

„კიდევ ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ჰალო პილოტების ხედვაზე უარყოფითად აისახებოდა. თუმცა, ორივე არგუმენტი გაქარწყლდა. წლების განმავლობაში ხალხი მას მიეჩვია“.

2016 წელს ლუის ჰამილტონმა ჰალოს „ყველაზე მახინჯი მოდიფიკაცია“ უწოდა. 2018 წლის თებერვალში კი ტოტო ვოლფმა თქვა, რომ, რომ შესძლებოდა ბოლიდს ჰალოს სიამოვნებით მოახერხავდა.

თუმცა, 2021 წელს იტალიის გრან პრიზე ავარიის შემდეგ, ლუის ჰამილტონი ამბობდა, რომ ჰალომ სიკვდილს გადაარჩინა.

ჰალოს გამოჩენას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ფორმულა 1-ის ქართველ გულშემატკივრებშიც. ბევრმა უსაფრთხოების ეს ელემენტი „შლოპანცსაც“ კი შეადარა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰალომ რომენ გროჟანის სიცოცხლე იხსნა, ჰალოს კრიტიკოსები აღარ დარჩა.

ანალიზი

ჰალო, რომელიც პილოტების თავს იცავს, უსაფრთხოებაში ყველაზე დიდი მიღწევაა მას შემდეგ, რაც 1994 წელს აირტონ სენა გარდაიცვალა. ჰალოს დანერგვას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან ბევრი ფიქრობდა, რომ ის ღია კაბინიანი სპორტის აზრს ძირს უთხრიდა. კრიტიკოსებს შორის პილოტებიც იყვნენ.

თუმცა, ამ ელემენტმა თავისი საჭიროება მალევე დაამტკიცა. 2018 წელს ბელგიის გრან პრიზე ზედიზედ რამდენიმე ავარიისას, იმ დროს Sauber-ის პილოტი შარლ ლეკლერი ალონსოს მფრინავი McLaren-ისგან იხსნა.  

მას შემდეგ სულ მცირე 3 ავარია მოხდა, რომელშიც ჰალომ პილოტი გადაარჩინა. ყველაზე საშიში 2020 წლის ბაჰრეინის გრან პრიზე რომენ გროჟანის ავარია იყო, როცა პილოტი ბარიერს დიდი სიჩქარით შეეჯახა და ბოლიდი ცეცხლის ალში გაეხვა. ახლა კი ჰალომ გუანიუ ჯოუ გადაარჩინა. მომავალშიც ჰალო არაერთი პილოტის სიცოცხლეს დაიცავს.

გაზიარება: