საქართველო, საავტომობილო გზები, თბილისი
Aa
Aa

თბილისის შესასვლელ-გასასვლელში ახალი ესტაკადების მოწყობა იგეგმება

თბილისის შესასვლელ-გასასვლელში ახალი ესტაკადების მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მისაღებად უკვე მიმართა.

საუბარია, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, თბილისიდან გასასვლელი/შესასვლელი საავტომობილო გზის, კერძოდ, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტზე. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში არის საუბარი ახალი ესტაკადების მოწყობაზე.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორია ორ ცალკეულ მონაკვეთად არის დაყოფილი.

- მონაკვეთი 1 - თბილისის შესასვლელიდან („შკოდას“ ავტოცენტრის მიმდებარე ტერიტორია) თბილისის შემოვლითი გზის პერსპექტიულ სატრანსპორტო კვანძამდე (საგურამოს კვანძი).

- მონაკვეთი 2 - საგურამო-ჟინვალის პერსპექტიული სატრანსპორტო კვანძიდან (საგურამოს კვანძი) ნატახტარის კვანძის მიმდებარედ არსებულ წეროვანის ახლად გაშენებული დასახლების გადასახვევამდე.

„პირველ მონაკვეთზე მასშტაბური ხელოვნური ნაგებობების სახით დაგეგმილია ახალი შეწყვილებული გვირაბისა და ესტაკადის მშენებლობა (არსებული ორლიანდაგიანი რკინიგზის და მდინარე მტკვრის ხეობის ერთობლივად გადაკვეთაზე), ხოლო მეორე მონაკვეთზე დაგეგმილია მდინარე არაგვზე ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობა და მცხეთის დასახლებასთან, ნარეკვავის ტერიტორიის მიმდებარედ („ლიდერფუდის" საწყობის ტერიტორიის მახლობლად) ახალი ესტაკადის მოწყობა“.

უფრო კონკრეტულად, თბილისი-ნატახტრის მიმართულების ესტაკადა მოიცავს შემდეგ ლოკაციებს:

- საავტომობილო ხიდი/ესტაკადი მდინარე მტკვრის და რკინიგზის ერთობლივ კვეთაზე სიგრძით 1 540 მ. (4 სამოძრაო ზოლით);
- საავტომობილო ხიდი/ესტაკადი კომპანია „ჯივიპის“ ტერიტორიაზე სიგრძით 825 მ. (3 სამოძრაო ზოლით).

რაც შეეხება ნატახტარი-თბილისის მიმართულებას საავტომობილო ხიდი/ესტაკადი მდინარე მტკვრის და რკინიგზის ერთობლივ კვეთაზე იქნება, მისი სიგრძე კი 1 480 მ. იქნება (4 სამოძრაო ზოლით),“ - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მუხათგვერდის ტერიტორიაზე ერთ მონაკვეთში ესტაკადის ტიპის ხიდის საშუალებით გადაიკვეთება ორლიანდაგიანი სარკინიგზო მაგისტრალიც.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტის მეორე მონაკვეთზე მოეწყობა ესტაკადის ტიპის ნაგებობა, რომელიც გათვლილია მაგისტრალური საავტომობილო გზის გადასატარებლად მდინარე არაგვის განაპირა ხეობასა და კომპანია „ჯივიპი“-ს ტერიტორიის ფარგლებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო ტიპის ტერიტორიაზე.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები