კლასიკური G-Class | G 63 AMG-ზე ძვირი და ბევრად ხმაურიანი 430 ცხ.ძ-ით
პირველი Mercedes-Benz G-Class-ის წარმოების შეწყვეტიდან წლები გავიდა, მაგრამ მათთვის, ვისაც ახალ ვერსიებს კლასიკური, ორიგინალური მოდელები ურჩევნიათ, ბაზარზე რამდენიმე კომპანია ოპერირებს. ეს ე.წ. ტუნინგ კომპანიები სხვადასხვა კლასიკური მოდელების მოდიფიცირებითა და განახლებებით არიან დაკავებულნი. ხშირად კი, მათი „ნადავლი“ G-Wagen ხდება.
თქვენ მხოლოდ 235 000 აშშ დოლარი უნდა გაამზადოთ, დარჩენილ საქმეს კი Expedition Motor Company მიხედავს. ამ ფასად თქვენ კლასიკური G-Class-ის კაბრიოლეტს მიიღებთ - გრძელი თვლების ბაზით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც EMC-მა G-ს თვლების ბაზა გააფართოვა, სხვა შემთხვევაში ის მოდელებს მოკლე ვერსიებზე აფუძნებდა. ძარის გაჭიმვით, უკანა სავარძლებში ახლა დამატებით ორი მგზავრის ადგილი შეიქმნა, თუმცა განახლებები ამით არ სრულდება.
G-Class-ის EMC-ეული ვერსია ახალი გვერდითი კიბით, 18-ინჩიანი საბურავებითა და Mercedes-Benz-ის OM606a-ს 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავითაა აღჭურვილი. არსებული სპეციფიკაციით, Wagen-ის ძრავა 275 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 474 ნიუტონ მეტრს აღწევს.
შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ეს საკმარისზე მეტია ისეთი ტიპის ყველგანმავლისთვის, როგორიც ეს ჩვენი კლასიკური G-Class-ია. თუმცა EMC-მა 4×4 მოდელის LS3 V8 ძრავით წარდგენაც გადაწყვიტა. ეს უკანასკნელი 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Expedition Motor Company-ის გერმანული SUV-ის ექსტერიერი მუქ მწვანე ფერშია და ორივე მხარეს LED-განათებებია დამონტაჟებული. სავარძლებზე ყავისფერი ტყავია გადაკრული, ხოლო სურვილის შემთხვევაში საქარე მინის დაკეცვაც შესაძლებელია.
როგორც უკვე ვთქვით, Expedition Motor Company-ის მომსახურების საფასური სულ რაღაც 235 000 აშშ დოლარიდან იწყება. ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, თუმცა ალბათ არა კომპანიისთვის, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისიდან ათობით მოდიფიცირებული G-Class-ი გაყიდა. ეს კი მხოლოდ EMC-ის მანქანებზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს.