ემოციური The Rock | ჯონსონმა გულშემატკივარს საჩუქრად თავისი საყვარელი ავტომობილი გადასცა
პოპულარულ ფილმებში შესრულებული როლების შემდეგ, რომელთა შორისაც „ფორსაჟიც“ იყო, პროფესიონალ მოჭიდავესა და მსახიობ დუეინ ჯონსონს, ასევე ცნობილს, როგორც The Rock-ს, ავტომობილებისადმი სოლიდური გემოვნება ჩამოუყალიბდა. ჯონსონმა იშვიათი და გამორჩეული მოდელების კოლექციაც დააგროვა, რომლითაც სოციალურ ქსელში თავს ხშირად იწონებს.
ეს უახლესი ისტორიაც The Rock-ის ავტომობილზეა, რომელიც მსახიობმა საჩუქრად თავის ერთ-ერთ გულშემატკივარს გადასცა. საუბარი გვაქვს Ford Super Duty-ის პიკაპზე, ჯონსონის ერთ-ერთ უსაყვარლეს მანქანაზე, რომელიც ახლა უკვე The Rock-ის გულშემატკივარს ეკუთვნის. იმ ადამიანს, რომელმაც უსახლკარობის დასაძლევად და წარმატებული ბიზნესის ასაშენებლად მსახიობი ინსპირაციად გამოიყენა.
დუეინ ჯონსონმა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, მათ შორის საკუთარ ბავშვთა ორგანიზაცია Rock Foundation-ში მილიარდობით აშშ დოლარი დააბანდა. მსახიობი უსახლკარო ადამიანებსაც ხშირად ეხმარება, თუმცა ამ შემთხვევაში The Rock-მა ის ადამიანი დააჯილდოვა, რომელმაც მისი ისტორია საკუთარი თავის აღდგენისთვის გამოიყენა.
მსახიობისა და მისი გულშემატკივრის შემხვედრის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. გულშემატკივარი The Rock-ს თავის პრობლემებზე ესაუბრა და გაუმხილა, რომ საცხოვრებლიდან გამოსახლების შემდეგ, საკუთარი დასუფთავების კომპანია დააარსა, რათა ფეხზე წამომდგარიყო. ჯონსონის გულშემატკივარს თავის კულტთან შეხვედრისას თან მამამისიც ახლდა, რომლის დანახვამაც The Rock-ს თავისი მშობელი გაახსენა. როგორც შემდგომ მსახიობმა აღნიშნა, ამ მომენტმა მასზე ძალიან იმოქმედა.
შეხვედრის დასასრულს, The Rock-მა გულშემატკივარს ადგილზევე თავისი პიკაპის, Ford Super Duty-ის გასაღები გადასცა და 100 000$-იან ჩეკსაც დაჰპირდა.
„როდესაც [ისაია გარზას] მამას, რიკარდოს შევხვდი, მაშინვე ჩემი მოხუცი გამახსენდა. შრომისმოყვარე იყო, რთულ პერიოდს ებრძოდა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ოჯახისთვის. მამაჩემმა დასუფთავების სერვისიც კი გახსნა, ისევე როგორც ესაიას მამამ. და ისევე, როგორც მამაჩემს მაშინ, რიკარდოს ერთადერთი რამ სჭირდებოდა. ეს პიკაპი იყო, ყველა საჭირო ნივთის გადასატანად. ნეტავ შემეძლოს ახლა მისთვის იმავეს გაკეთება“, - განაცხადა The Rock-მა.