ყოფილმა სარბოლო დირექტორმა მაიკლ მასიმ FIA დატოვა
2021 წლის აბუ დაბის გრან პრიზე მომხდარი მაიკლ მასის ძვირად დაუჯდა.
2022 წლის სეზონის დაწყებამდე FIA-მ მაიკლ მასი რბოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მასიმ FIA საერთოდ დატოვა.
დათხოვნის მიზეზი 2021 წლის აბუ დაბის გრან პრიზე განვითარებული მოვლენები იყო, რომლებმაც ჩემპიონის ტიტული გადაწყვიტა.
რბოლის დასრულებამდე 5 წრით ადრე ჰამილტონი რბოლის ლიდერი იყო. მაქსი მას 12 წამით ჩამორჩებოდა. ყველაფერი, რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, ჰამილტონი ჩემპიონის ტიტულს მერვედ იგებდა. თუმცა, ნიკოლას ლატიფის ავარიის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. Red Bull-მა მაქსისთვის საბურავების შეცვლა გადაწყვიტა. Mercedes-მა კი ლუისი ტრასაზე დატოვა.
უსაფრთხოების ავტომობილის უკან წრეზე ჩამორჩენილი ბოლიდები მოგროვდნენ. ლუის ჰამილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის 5 ბოლიდი იყო. მაქსს ნორისის, ალონსოს, ოკონის, ლეკლერის და ფეტელის გასწრება მოუწევდა. რა თქმა უნდა, ისინი ნიდერლანდელს გაატარებდნენ, მაგრამ ამაში დრო დაიკარგებოდა. მასიმ ამ 5 პილოტს უსაფრთხოების მანქანისთვის გასწრების უფლება მისცა, რამაც მაქსი ახალი საბურავებით ლუისის უკან მოახვედრა. ფერსტაპენმა კი შანსი გამოიყენა და ბრიტანელს მერვე ტიტული წაართვა. Mercedes-მა მასის გადაწყვეტილება მაშინვე გაასაჩივრა. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ FIA-მ ამ თემაზე ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების შედეგად, მომხდარი „ადამიანურ შეცდომას“ მიაწერეს. FIA-ს პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ სულეიმმა განაცხადა, რომ მასი ორგანიზაციაში ახალ თანამდებობას მიიღებდა.
ამ დრომდე მასი FIA-ში ისევ მუშაობდა და თავისი ძველი მოვალეობებიდან რამდენიმეს შესრულება ახლაც უწევდა, ოღონდ ტრასიდან შორს.
მასი ინგლისიდან ავსტრალიაში აპრილში დაბრუნდა. FIA-მ მასის წასვლა დაადასტურა:
„მაიკლ მასიმ FIA დატოვა და ავსტრალიაში, ოჯახთან დაბრუნება და ახალი გამოწვევების მიღება გადაწყვიტა“, - ნათქვამია FIA-ს განცხადებაში.
„ის FIA-ს სარბოლო დირექტორისა და უსაფრთხოების დელეგატის პოზიციას სამი წლის განმავლობაში ჩარლი უათინგის გარდაცვალების შემდეგ იკავებდა. მას უამრავი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და საქმეს პროფესიონალურად და თავდადებით ეკიდებოდა.
FIA მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და მომავალში საუკეთესოს უსურვებს“.