Aa Aa
15 მარტი 2023  |  11:05

არასწორად დაყენებული Mercedes-ი საბუქსირეზე ჩანგლიანი ჩამტვირთელით დადეს

ამ მანევრის შედეგად A-Class-ი, სავარაუდოდ, ქვემოდან დაზიანდებოდა.

შემთხვევა, რომელზეც ქვემოთ უნდა მოგითხროთ ჩინეთში მოხდა. როგორც წესი, არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები სპეციალური საბუქსირე სატვირთოებით მიჰყავთ. ასე ავტომობილის დაზიანების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთში ეს არ აინტერესებთ. არასწორად „დაპარკინგებული” A-Class-ის სატვირთოზე დასადებად მათ ე.წ. „ჩანგალი“ გამოიყენეს.

დიახ, „ჩანგალი“. ვიდეო Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ Mercedes-ის მოდელი აკრძალულ ზონაშია გაჩერებული. როგორც წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, სპეციალური საბუქსირე ავტომობილის დამტვირთველი მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო კი დახმარებისთვის იქვე მომუშავე ჩანგლიანი დამტვირთველის მძღოლს სთხოვეს.

ამ პატარა მანქანას Mercedes-ის ჰაერში აწევა არ გასჭირვებია. ბალანსის ოქროს შუალედი კი მისმა მძღოლმა იდეალურად იპოვა. სოციალური ქსელის კომენტარების განყოფილებაში აუდიტორია ვიდეოს ავთენტურობაშიც კი დაეჭვდა. მიუხედავად ამისა, ვიდეო ნამდვილია.

რამ გამოიწვია ასეთი გაკვირვება? ჩანგლიანი დამტვირთველით ავტომობილი ტრანსპორტირება მანქანის ქვემოთ არსებულ დეტალებს აზიანებს. ხშირ შემთხვევაში იმტვრევა დამცავი პლასტმასები. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ამ Mercedes-ის მფლობელს ამ კადრების ხილვის შემდეგ.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოში აშშ-დან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების უმეტესობა სწორედ ასეთი „ჩანგლებით“ იტვირთება. ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ჩატვირთვის ასეთი მეთოდი არა მგონია ვინმეს გაუკვირდეს.

გაზიარება: