Honda 2030 წლამდე 15 ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს და მათ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავს
მას შემდეგ, რაც Honda-მ ელექტრომობილების განვითარებაზე უარი თქვა და სტრატეგია ჰიბრიდებისკენ შეაბრუნა, იაპონურმა გიგანტმა ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემის დეტალები გაასაჯაროვა. კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლის მარტამდე ბაზარზე 15-მდე სრულიად ახალი ჰიბრიდული მოდელი გამოუშვას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზეა გათვლილი.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda
მთავარი სიახლე კი ის არის, რომ მომავალი ჰიბრიდები ინოვაციურ ელექტრულ სრულამძრავიან სისტემას მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ტექნიკური დეტალები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, ვიცით, რომ ახალი ჰიბრიდული არქიტექტურა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება... ტრადიციული მექანიკური კარდანის ნაცვლად, e-AWD სისტემა უკანა თვლების ასამოძრავებლად ცალკეულ ელექტროძრავას გამოიყენებს, რომელიც წინა ძრავასა და გადაცემათა კოლოფთან ფიზიკურად დაკავშირებული არ იქნება. ეს მიდგომა ენერგიის მექანიკურ დანაკარგებს გამორიცხავს და ავტომობილს უსწორმასწორო ან მოლიპულ გზებზე უკეთეს მოჭიდებასა და სტაბილურობას შესძენს.
Honda-ს განცხადებით, ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემის შექმნისას მთავარი პრიორიტეტი ორი ფაქტორია — საწვავის მაქსიმალური ეკონომია და მართვის ნამდვილი სიამოვნება.
მაგალითად, აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილ სრულზომიან SUV-ებში კომპანია ახალ V6 ძრავას განახლებულ ელექტროძრავებთან და მძლავრ ლითიუმ-იონურ ბატარეასთან დააკავშირებს. შედეგად, მსგავსი მოდელები არსებულ არაჰიბრიდულ ანალოგებთან შედარებით 30%-ით მეტად ეკონომიური იქნება.
ახალი ჰიბრიდული ხაზი მოიცავს როგორც SUV-ებს, ისე უფრო კომპაქტურ მოდელებს — მათ შორის CR-V-ისა და Civic-ის მომავალ განახლებებსაც. Honda ცდილობს, წარუმატებელი ევოლუციური ცდების შემდეგ, ბაზარს ზუსტად ის პროდუქტი შესთავაზოს, რაზეც დღეს მოთხოვნა ყველაზე მაღალია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს