უნგრეთი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

ჩინური BYD ევროპაში გაფართოებას განაგრძობს | ახალი ქვეყანა შერჩეულია

BYD ევროპის კონტინენტზე გაფართოებას განაგრძობს და სურს, რომ მომხმარებელი მას ადგილობრივ კომპანიად აღიქვამდეს.

ჩინური ავტომწარმოებელი BYD საფრანგეთში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სტელა ლიმ პარიზის ავტოსალონის გახსნაზე განაცხადა, საფრანგეთი ახალი ობიექტების განსათავსებლად შერჩეულ ევროპულ ქვეყნებს შორისაა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

BYD-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, კომპანიის მიზანია, ევროპაში ის ადგილობრივ მწარმოებლად აღიქვან და მის მიმართ ნდობაც გაუჩნდეთ. ლიმ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ კომპანია ევროპაში მეორე და მესამე ქარხნების გახსნასაც შეეცდება.

„საფრანგეთი ჩვენ მიერ შერჩეულ მოკლე სიაშია. კომპანიის გუნდი ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ ამ ქვეყანაში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას“, — განაცხადა სტელა ლიმ გამოსვლისას.

საინტერესოა, რომ ლის ამ განცხადების ფონზე BYD უნგრეთში თავისი საწარმოო ქარხნის გახსნისთვის უკვე ემზადება. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

ევროპაში ჩინური ავტომწარმოებლების გაფართოებას თან სავაჭრო ურთიერთობების ცვლილებაც ახლავს. კომისარ მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის შემცირებას დათანხმდა. ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მომდევნო ოთხ წელიწადში ევროპაში ჩინეთიდან ჰიბრიდების შემოსვლას რამდენიმე მილიონი ერთეულითაც კი შეამცირებს.

ამას ემატება ტარიფები, რომლებსაც ჩინური კომპანიები ევროპაში საკუთარი ავტომობილების, განსაკუთრებით ელექტრომობილების, გაყიდვისას აწყდებიან. ეს ადგილობრივი მომხმარებლისთვის ფასს ზრდის და შედეგად, ჩინური წარმოების EV-ები ისეთივე ხელმისაწვდომი აღარაა, როგორც თავდაპირველად იყო გათვლილი. ხოლო ევროპაში ქარხნების მშენებლობა და ადგილობრივად წარმოება ჩინურ კომპანიებს მაღალი ტარიფებისთვის თავის არიდების საშუალებას მისცემს.

ამასთან, ლის თქმით, BYD ევროპულ ბაზარზე გრძელვადიან საქმიანობას გეგმავს და სურს, მსოფლიოს ყველა რეგიონში ადგილობრივ კომპანიად ჩამოყალიბდეს. კონკრეტულად საფრანგეთში კი ჩინური ავტომწარმოებელი უკვე თანამშრომლობს მსხვილ საავტომობილო ჯგუფებთან, მათ შორის Bymycar-თან, Emil Frey-სა და Bodemer-თან. პარტნიორები კომპანიის ავტომობილების გაყიდვასა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას ქვეყნის ძირითად ქალაქებში უზრუნველყოფენ.

ივლისის მონაცემებით, საფრანგეთში BYD-ს დაახლოებით 115 დილერი ჰყავდა. ასევე, 2026 წლის პირველ ნახევარში BYD-მა საფრანგეთში 13 935 მსუბუქი ავტომობილი დაარეგისტრირა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 136%-იანი ზრდაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩინური BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა
    ჩინური BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა