Lexus ISF-ის გალაშქრება BMW M3-ის წინააღმდეგ
იაპონური ავტოწარმოება დანარჩენ მსოფლიოსთან ბრძოლას ყოველთვის დიდი მონდომებით ცდილობდა. მათთვის გერმანულ ავტოსამყაროსთან დაპირისპირება ყოველთვის პრინციპული, ხოლო ჩვენთვის კი საინტერესო საყურებელი იყო. ამ სტატიაში ლეგენდარული BMW M3-ის კონკურენტს, LEXUS ISF-ს გავიხსენებთ.

დღევნადელი ჩვენი გმირი 2007 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად, ის მხოლოდ იაპონიის შიდა ბაზარზე იყიდებოდა და 2008 წელს საზღვრებს გარეთაც გაილაშქრა. ეს ის პერიოდია, როდესაც BMW-მ E90-ის ბაზაზე აწყობილი M3 გამოუშვა. LEXUS-ის წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მათი ავტომობილი M3-ის პირდაპირი კონკურენტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ Lexus-ი 110 კილოგრამით მძიმე იყო, მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავი ჰქონდა. 100-მდე ასაჩქარებლად 4.6 წამი საკმარისი იყო, M3-ს კი 4.8 წამი სჭირდებოდა. ეს ყველაფერი ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის დამსახურება იყო. M3-თან შედარებით, Lexus-ის ძრავას 120 ნიუტონით მეტი ჰქონდა, ეს მაჩვენებელი კი აჩქარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მაბრუნი მომენტი მაღალი ნიშნული 5-ლიტრიანი ძრავის დამსახურება იყო, მაშინ, როდესაც M3-ს 4-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა. ცხენისძალებში სრული მზაობა იყო. ამ მხრივ, ორივე ავტომობილის შესაძლებლობა 420 ცხენისძალის გარშემო ტრიალებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ LEXUS-ს 8-სიჩქარიანი, ხოლო M3-ს 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

დასაწყისისთვის საერთო მდგომარეობა ისე ჩანდა, რომ თითქოს BMW უნდა შეშინებულიყო, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის რეალურ დროში გასინჯვის დრო დადგა, BMW-იმ ის გააკეთა, რაც ყოველთვის საუკეთესოდ გამოსდიოდა. ტრეკზე და მართვის ნებისმიერ ტესტში ბავარიელი აშკარა ლიდერი იყო. M3 უფრო სპორტული ავტომობილი აღმოჩნდა ვიდრე ISF-ი.

ბოლოსთვის უნდა გითხრათ, რომ ამ მოდელის გაყიდული ერთეულების უმრავლესობას ტრეკი ნანახიც კი არ აქვთ, ამიტომ ყოველდღიური მოხმარებისთვის LEXUS-ი ძალიან მომხიბვლელია. მას შედარებით კომფორტული სვლა აქვს და ძირითადი აგრეგატების მიმართ ძალიან დიდი საიმედოობით სარგებლობს, ამ ნიუანსებს კი ყოველდღიური მოხმარებისთვის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს