Aa Aa
7 სექტემბერი 2023  |  10:10

მეგობრის თქმით, შუმახერის მდგომარეობა უიმედოა

მიხაელ შუმახერის მეგობარი გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამწუხარო ინფორმაციას გვაწვდის.

7-გზის მსოფლიო ჩემპიონი 2013 წელს ალპებში თხილამურებით სრიალისას მძიმედ დაშავდა და უკვე ათწლეულია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.

შუმახერი თხილამურებით სრიალისას წაიქცა და თავი ქვას დაარტყა. 250 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო. შემდეგ კი სახლში დაბრუნების უფლება მისცეს.

მას შემდეგ გერმანელს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები სტუმრობენ.

როჯერ ბენუა, ჟურნალისტი და შუმახერის ახლო მეგობარი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა „უიმედოა“.

შვეიცარიულ ჟურნალთან ინტერვიუში მან გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალების გამხელაზე უარი თქვა.

2022 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მიკ შუმახერმა თქვა, რომ „ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ მამასთან საუბარი შეეძლოს“.

„ის აქაა. სხვანაირია, მაგრამ ის აქაა და ჩვენ ეს გვაძლიერებს“, - ამბობს მიხაელის მეუღლე კორინა 2021 წელს შუმახერზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.

მარტში კი ედი ჯორდანმა, Jordan-ის გუნდის დამაარსებელმა, თქვა, რომ კორინა შუმახერი მას მიხაელის ნახვის უფლებას არ აძლევს:

„მე მიხაელის ნახვა ვცადე, მაგრამ კორინამ ამის უფლება არ მომცა და ეს სწორიც იყო, რადგან მისი ნახვა მეტ ადამიანს მოუნდებოდა“.

გაზიარება: