Aa Aa
16 ოქტომბერი 2023  |  17:19

რეალური ტრანსფორმერი Golf-ისგან

ექსკლუზიური ავტომობილის შექმნისას ხშირად გიჟური და არაპრაგმატული იდეა საუკეთესო გამოსავალია. შვეიცარიელი „ტუნერი“ 80-იანებიდან - ფრანკო სბარო - ამ საქმის დიდებული ოსტატი იყო. მის სახელზე უამრავი „ცხვრის ტყავში გახვეული მგელია“ შექმნილი და დღევანდელი ჩვენი გმირიც ზუსტად ასეთია. გავიხსენოთ რეალური „ტრასფორმერი“ შორეული წარსულიდან.

VW Golf 1 მეტად უწყინარი და პოპულარული მოდელია დღემდე. ავტომოყვარულებიდან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მისგან ნამდვილი მონსტრი გამოვიდოდა და ეს ყველაფერი ნახევარი საუკუნის წინ იყო შესაძლებელი.

Sbarro-მ მცირე გაბარიტებიან „გოლფში“ Porsche-ს ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ძრავა მოათავსა, რომელსაც ტურბოდაბერვის სისტემაც ჰქონდა. 3.3-ლიტრიანი აგრეგატი ძარის შუაში იყო განთავსებული და მას 330 ცხენისძალა ჰქონდა. წარმოიდგინეთ 1 100-კილოგრამიან ავტომობილში ეს მონაცემები და მაშინვე მიხვდებით თუ რამდენად ჩქარი და დაუმორჩილებელი იქნებოდა ეს პატარა „გოლფი“.

ამ ავტომობილში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ძარის უკანა მხარე ჰიდრავლიკის დახმარებით ტრანსფორმირდებოდა, რაც ძალიან უჩვეულო იყო. ფრანკო სბაროს განმარტებით ის ამით ავტომობილის ექსკლუზიურობას ხაზს უსვამდა და ამ ყველაფერთან ერთად ძრავთან მუშაობა გაცილებით მოსახერხებელი იყო. 100-ლიტრიანი საწვავის ავზი ავტომობილის წინა ნაწილში გადაიტანეს, რადგან წონის იდეალური ბალანსი მიეღოთ (50:50)

Sbarro-ს „გოლფს“ გარედან მცირე დეტალებით თუ ამოიცნობდით. მისთვის უკანა მხარეს არსებული ძრავის გამაგრილებელი ღიობები და განიერი საბურავები იყო დამახასითებელი. ეს ავტომობილი მაგალითი იყო იმისა, რომ არასდროს უნდა შეაფასოთ სპორტული ავტომობილი მხოლოდ მისი გარეგნობით.

გაზიარება: