ბიემვი, ბიემვი ემ1
Aa
Aa

BMW-ისა და KITH-ის კოლაბორაცია: კლასიკური BMW M1

BMW-ისა და KITH-ის თანამშრომლობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება. KITH-ი ნიუ-იორკში დაფუძნებული ტანსაცმლის ბრენდია, რომელთან პარტნიორობითაც BMW-იმ უნიკალური M1 მოდელი წარგვიდგინა. ვერ ვიტყვით, რომ ამ პროექტით, ამერიკულმა კომპანიამ BMW-ის მოდელი რადიკალურად გარდაქმნა, თუმცა ფაქტია, რომ ახალ ვერსიაში, KITH-ის უნიკალური ხელწერა შესამჩნევია.

პროექტი „ჩვეულებრივი“ M1-ით დაიწყო: BMW-ს გუნდმა და KITH-ის დამფუძნებელმა რონი ფეიგმა მოდელის Techno Violet-ის ფერში გადაღებვა გადაწყვიტეს. ეს ფერი პირველად წლების წინ, E36 თაობის BMW M3-ზე გამოჩნდა და M1-ზეც იდეალურად გამოიყურება. მუქი იასამნისფერი სუპერქარები ყოველთვის უნიკალურია. ამას კი ემატება M1-ის თითქმის უცვლელი ვიზუალი და მანქანის უკან დამატებული KITH-ის ემბლემა.

შეცვლილია BMW M1-ის ინტერიერიც. სალონი BMW Individual Black Merino Leather-შია წარმოდგენილი და ნაწილი, KITH-ის მონოგრამითაა დაფარული. KITH-ის ლოგოები დატანილია კარების ზღურბლზეც. მიუხედავად იმისა, რომ ეს BMW M1 ორმოც წელზე მეტი ხნისაა, მისი ინტერიერი განახლებით თითქმის იდეალურად გამოიყურება.

რაც შეეხება ძრავას, KITH-ს მოდელში მექანიკური ნაწილი არ შეუცვლია. ქარხნული 3.5-ლიტრიანი M88 ძრავა, 277 ცხენის ძალას და 330 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მანქანა კვლავ 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.  

BMW-იმ 1978-1981-იან წლებში სულ 452 ცალი M1 გამოუშვა. ეს კონკრეტული M1 მაიამიში Kith for BMW Showcase-ის გამოფენაზე, ფეიგის პერსონალურ კოლექციასთან ერთადაა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები