უცნობი და წარუმატებელი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ
Toyota MR2 sard MC8-ის დანახვისას რთულია წარმოიდგინო, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სარბოლო ავტომობილია, რაც კი ოდესმე გინახავთ. ერთი შეხედვით ძალიან სპორტულია, მონაცემებიც გაგაკვირვებთ, თითქოს სწორი რეცეპტით არის მომზადებული, მაგრამ რეალური შედეგი სრულად განსხვავებულია. ბოლოდან მეორე ადგილი! ეს ყველაზე კარგი შედეგია, რისთვისაც Sard MC8-ს მიუღწევია.
1995 წელს „ტოიოტამ“ ისეთ გიგანტებთან მოინდომა რბოლა, როგორიც Mclaren F1 და Porsche იყო. მან Sard-ს მიმართა, რათა სარბოლო ბოლიდი სრულყოფილად შექმნილიყო. სპორტულმა კომპანიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა, კერძოდ მან უკანა დაკიდება მთლიანად შეცვალა, წინა კი თითქმის ხელუხლებელი დატოვა. აღნიშნული პროექტისთვის ლეგენდარული 1UZ ძრავა შეარჩიეს, რადგან იგი ძალიან დიდი საიმედოობით იყო ცნობილი. 8-ცილინდრიან და 4-ლიტრიან აგრეგატს ორი ტურბო დაუმატეს და საბოლოო 580 ცხენის ძალა მიიღეს. ავტომობილის წონა 1280 კილოგრამამდე იყო, თუმცა პირველივე შეჯიბრზე გადაბმულობა გამოვიდა მწყობრიდან და რბოლა ვერ დასრულდა. მომდევნო წლებში ავტომობილი 1000 კილოგრამამდე დაიყვანეს და 664 ცხენის ძალა ამოიღეს.
ფურცლებზე ყველაფერი კარგად იყო, ავტომობილი საკმაოდ მსუბუქი და ძალიან მძლავრი იყო, თუმცა რეალურად, როგორც ზევით გითხარით, ბოლოდან მეორე ადგილი იყო მისი მაქსიმუმი. 1995-1997 წლებში რამდენიმე სარბოლო MC8 იყო წარმოებული, 1997 წლის შემდეგ კომპანიას არ ჰქონია არანაირი მცდელობა იმისა, რომ რბოლებში კვლავ ჩართულიყო.
სარბოლო წესებიდან გამომდინარე, ავტომობილს, რომელიც რბოლებში მონაწილეობდა, სამოქალაქო ვერსია აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. კომპანიამ ის ერთ ეგზემპლარად გამოუშვა, რომელიც დღეს იაპონიის ქუჩებში დასეირნობს. შეიძლება ბევრმა ავტომოყვარულმა ეს მოდელი არ იცის, მაგრამ Sard MC8 დანახვისას შეუძლებელია, რომ გულგრილი დარჩეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა დიდი ალბათობით უკეთესი იქნებოდა, მისი სამოქალაქო ვერსია მეტი გამოსულიყო, ვიდრე სარბოლო.