TVR Tuscan - ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
უამრავი რეგულარული მოდელის, აგრეთვე ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების ფონზე სამწუხაროდ ავტომოყვარულებმაც კი დაივიწყეს ისეთი მანქანები, რომლებიც ერთ დროს საავტომობილო თამასა იყო. მათი ძალიან დიდი ნაწილი გაკოტრდა, სხვა კომპანიამ შეისყიდა ან უკვე სულს ღაფავს. ვერაფერს ვიზავთ! ასე ხდება, როდესაც ენთუზიაზმით სავსე ავტომობილისტები ყოველგვარი მარკეტინგული გათვლების გარეშე ქმნიან სპორტულ ავტომობილებს. TVR Tuscan-ის ისტორიაც მსგავსია, ერთ დროს მას ულამაზეს და ძალიან სწრაფ მანქანებში ღირსეული ადგილი ამაყად ეკავა.
60-იანი წლების Tuscan-იდან მოყოლებული 2013 წლის მოდელამდე ყველა საუკეთესო იყო, უბრალოდ დღეს ჩვენ 90-იანებში დაბადებულ Tuscan-ს გავიხსენებთ, რადგან ყველაზე ლამაზი ის იყო. საქმე მარტო სილამაზეში არ არის, მისი ტექნიკური მონაცემები ნებისმიერ „სუპერქარისას“ უტოლდებოდა. 1999 წლიდან მოყოლებული 2013 წლამდე ამ მოდელმა ბევრი მოდიფიცირება განიცადა. თავდაპირველად იგი 6-ცილინდრიანი და 3.6-ლიტრიანი ძრავებით იყო აღჭურვილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ 4 და 4.2-ლიტრიანი ვერსიებიც ვიხილეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი საკმაოდ მსუბუქი იყო და მისი წონა 1100 კილოგრამს შეადგენდა, ყველაზე მძლავრი 440 ცხენის ძალიანი ვერსია 0-დან 100-მდე 3.7 წამში ჩქარდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილს არ ჰქონდა ABS და მოცურების საწინააღმდეგო ფუნქცია, რადგან კომპანიაში თვლიდნენ, რომ მათი ავტომობილები ამ ფუნქციების გარეშე უფრო უსაფრთხო იყო. ცოტა სასაცილოა, მაგრამ აშკარაა, რომ ძველი ყაიდის ავტო ინჟინრებთან გვქონდა საქმე.
1999-2006 წლებში სულ 1677 ერთეულის წარმოება მოხერხდა, რაც მსგავსი მოდელისთვის ცოტა ნამდვილად არ იყო. ამ პერიოდს დიდი გაჭირვება და რთული ფინანსური მდგომარეობა მოჰყვა, რისი შედეგიც გახდა ის, რომ 2013 წლამდე აღნიშნული მოდელი აღარ განახლებულა. 2013 წელს უკვე განახლებული ვერსია ვიხილეთ, რომელსაც Tuscan Vulcan-ი ერქვა. ეს მოდელი ლეგენდარული LS-ის 8-ცილინდრიანი ძრავით იწარმოებოდა. თუმცა Vulcan-ი კომპანიას ძალიან ძვირი უჯდებოდა და შესაბამისად ეს პროექტიც დაიხურა.
იმ ავტომოყვარულებს, რომლებსაც გასული საუკუნის სპორტული მოდელები ძალიან იზიდავთ, TVR Tuscan-ის განუმეორებელი მრგვალი ფორმები, ფუტურისტული ინტერიერი და ეგზოტიკური წინა/უკანა მაშუქები სამუდამოდ ემახსოვრებათ.