მოგბეზრდათ მანქანები? – Brabus-ი თქვენთვის მთლიან კუნძულს ქმნის
ბოლო პერიოდში ავტომწარმოებლები უძრავი ქონების ბიზნესში გადავიდნენ და სიმაღლეების დაპყრობაც დაიწყეს. Aston Martin-სა და Porsche-ს მაიამიში ცათამბჯენები აქვთ, მათ კი მალე Bentley, Mercedes-Benz-ი და Pagani მიჰყვებიან. და Bugatti-ც არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც დუბაიში 171-სართულიან უზარმაზარ კოშკს აშენებს და Toyota, რომელმაც საერთოდ მთლიანი ქალაქის აშენება განიზრახა.
როგორც აღმოჩნდა, ახლა Brabus-ის ჯერი დადგა. და Brabus-ს რომ პომპეზურობა უყვარს, ეს არავისთვის ახალი არ უნდა იყოს. ასე რომ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ კომპანიამ არა ცათამბჯენის, კოშკის ან ქალაქის, არამედ მთლიანი კუნძულის შექმნა გადაწყვიტა.
აბუ-დაბის გულში, ალ-სიფის რაიონში, Brabus-ის აშენებული კუნძული საყვარელი სუპერ ბოროტმოქმედისთვის სასიამოვნო შაბათ-კვირის თავშესაფარს ჰგავს. ადრეულ რენდერებშიც, მთავარი რაც ამ კუნძულიდან გამოსჭვივის, სიმდიდრე და ფუფუნებაა. 100 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პროექტი ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან და აბუ-დაბის ცენტრიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, ხოლო დუბაიდან ერთ საათზე ნაკლების.
რენდერებზე კუნძულის ცენტრთან ახლოს ოთხი დიდი ცათამბჯენია ნაჩვენები, რომლებშიც საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. თითოეული კოშკი 350-მდე მდიდრულ ბინასა და პენტჰაუსს მოიცავს, რომელთა ფართობი ორ-ოთხ საძინებლიან, 100-დან 500 კვადრატული მეტრის ბინებამდე მერყეობს.
კოშკები Brabus-ის „დიზაინერული ფილოსოფიის“ გამოძახილია, თუმცა ისინი თანამედროვე ცათამბჯენებს ჰგვანან, რომლებზეც Brabus-ის რამდენიმე ლოგოა მიმოფანტული. საცხოვრებელი სახლებისთვის კი მინიმალისტური მიდგომაა არჩეული, სამი საინტერესო ფერის ალტერნატივით: „შავი და გამბედავი“, „თეთრი ნეტარება“ და „ნაცრისფერი თავშესაფარი“. Brabus-ის თქმით, ინტერიერის პერსონალიზება სხვადასხვა მასალებითა და ტექსტურებით შეგიძლიათ, ისევე როგორც მისი „შეკვეთით დამზადებული“ სუპერმანქანის შემთხვევაში.
„Brabus Island არის როგორც წარმოუდგენელი ეტაპი, ასევე ლოგიკური ევოლუცია“, - ამბობს Brabus-ის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინ ბუშმანი. „თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში, Brabus-ი ქმნიდა პროდუქტებს, რომლებიც ადამიანებს ემოციურად, შინაგანად ავსებს. თუმცა, ეს განსხვავებულია. ახლა, პირველად, ჩვენ არა მხოლოდ ცხოვრების წესისთვის ვქმნით მანქანებს, არამედ თავად ცხოვრების წესსაც. Brabus Island საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და აბუ-დაბი ამისთვის შესაფერისი ადგილია.“