Nissan-მა გასულ წელს $4.5 მილიარდი დაკარგა | როგორია გადარჩენის გეგმა?
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში Nissan-ს ყველაზე ცუდი ფინანსური წელი ჰქონდა. Nissan-ის ფინანსური დირექტორის, ჯერემი პაპინის ინფორმაციით, კომპანიის ოპერაციული მოგება 87.7%-ით შემცირდა - ძირითადად დაბალი წარმოების, ფასების ზეწოლისა და გაზრდილი ხარჯების გამო. 31 მარტს, ფისკალური 2024 წლის დასრულებისთვის, Nissan-ის წმინდა ზარალმა $4.5 მილიარდი შეადგინა.
საინტერესოა, რომ Nissan-ის გაყიდვები რეალურად არც თუ ისე ცუდი იყო. გაყიდვები გლობალურად მხოლოდ 2.8%-ით დავარდა, ჩინეთის ლიდერობით, სადაც გაყიდვები 12.2%-ით შემცირდა. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები რეალურად 3.3%-ით გაიზარდა. კომპანიის შემოსავალი წლიურად თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა, Nissan-ი კვლავ ხარჯებში „იხრჩობა“. ამრიგად, Nissan-მა 2025 წლის ფისკალური წელიც გარდამავალ პერიოდს მიაწერა. შიდა პრობლემებთან ერთად კი, მდგომარეობას აშშ-ის ტარიფებით გამოწვეული გაურკვეველი მომავალიც ამძაფრებს.
ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ Nissan-ი ჯერ არ მომკვდარა. კომპანიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, რომელიც თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, ავტომწარმოებლის გადარჩენისთვის გეგმებს ადგენს. RE: Nissan - ასეთია კომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმის ოფიციალური სახელი.
ის იწყება ლიკვიდურობით - Nissan-ს ჯერ კიდევ აქვს $23 მილიარდი სამუშაოდ, პლუს კიდევ $14.2 მილიარდი კრედიტის სახით. ამის შემდეგ, პირველი ნაბიჯი ხარჯების შემცირება იქნება. ესპინოზამ დამატებით 10 000 თანამშრომლის გათავისუფლება უკვე დაადასტურა. ეს შემცირება, ძირითადად Nissan-ის შვიდი ქარხნის დახურვაზე მოდის, რის შედეგადაც ობიექტების საერთო რაოდენობა 10-მდე შემცირდება. ეს ყველაფერი 2027 წლისთვის მოხდება.
პარალელურად, პროდუქტის შემუშავებისთვის კომპანია საინჟინრო ხარჯებს 20%-ით შეამცირებს. განვითარების დრო კი 30 თვემდე გაიზრდება. ამ გეგმის სრული სიზუსტით შესრულების შემთხვევაში, Nissan-ისთვის ხარჯები $3.4 მილიარდით შემცირდება.
მოგებიანობის წასახალისებლად, Nissan-ი არსებულ პარტნიორობებს გამოიყენებს, რაც გლობალურ ბაზრობებზე მის წვდომასაც გაზრდის. კომპანია მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებასაც შეეცდება, თუმცა უფრო ნაკლები მიმწოდებლით. ახალი ავტომობილების განვითარება კი იმავე ტემპით გაგრძელდება. ამასთან ერთად, ესპინოზას თქმით, ჩრდილოეთ ამერიკისთვის ახალი კროსოვერები და ჰიბრიდებიც შემუშავდება. ახალი Skyline დადასტურებულია. თუმცა, ამ დროისთვის გაურკვეველია, იქნება ეს სედანი, GT-R-ის მემკვიდრე თუ ორივე ერთად.
„ეს არის სფერო, სადაც ჩვენ უფრო შორს და სწრაფად უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ესპინოზამ.