კლასიკური ავტომობილები, კოლექცია, ავტოკოლექცია, კობი ბრაიანტი, ფერარი 458 იტალია სპაიდერი, ლამბორგინი მურკიელაგო
Aa
Aa

სამი გამორჩეული მოდელი, რომელთაც NBA-ს ლეგენდა, კობი ბრაიანტი ფლობდა

NBA-ის ლეგენდის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა. „შავი ბამბა“ 2020 წლის 26 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავადაც, დიდი მემკვიდრეობა დატოვა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ კობი ყურადღებას პარკეტის გარეთაც იპყრობდა და ხშირად ამას, თავისი გამორჩეული და უნიკალური ავტომობილების საშუალებით ახერხებდა.

კობის ავტოფარეხში შეხვდებოდით ყველა ტიპის ავტომობილის: დაწყებული მაღალი წარმადობისა და სიჩქარის მოდელებით, დასრულებული მარადიული კლასიკებით, რომელთა ნაწილი იტალიაში გატარებული ბავშვობის წლებით იყო შთაგონებული. დღეს ჩვენ ლეგენდარული კალათბურთელის ძვირად ღირებული ავტოკოლექციიდან სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ და გამორჩეულ მოდელს გაგაცნობთ.

კობიმ Ferrari 458 Italia Spider-ი 2012 წელს, დაახლოებით $329 000-ად შეიძინა. მისი მაღალი წარმადობისა და დახვეწილი დიზაინის გამო, Ferrari მალევე „შავი მამბას“ ყოველდღიურ ავტომობილად იქცა და Bentley Azure Convertible ჩაანაცვლა. კობის ბავშვობის ნაწილი იტალიაში ჰქონდა გატარებული, რაც ავტომობილებში მის კოლექციაზეც აისახებოდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც აღნიშნა, მსგავსი მოდელის მართვა მას სწორედ ბავშვობის წლებს ახსენებდა.

Ferrari 458 Italia Spider-ი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა და 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. შედეგად, ეს მოდელი 562 ცხენის ძალას და 540 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 3.4 წამში ჩქარდება. Ferrari მაქსიმალურ სიჩქარეს 320 კმ/სთ-ზე ავითარებს.

2001 წელს, კობი გამოცემების მთავარ ყდაზე მოხვდა. მიზეზი თავისი მომავალი მეუღლისთვის გაკეთებული საჩუქარი - ყვითელი ფერის Lamborghini Murciélago იყო. ეს მოდელი გამორჩეული იყო, რადგან პირველი Murciélago გახლდათ, რომელიც მწარმოებელმა ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვა. ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ვანესამ მექანიკის მართვა არ იცოდა.

კობიმ, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ვანესასთვის მდიდრული და თან მასზე სრულად მორგებული საჩუქარი გაეკეთებინა, შთაგონება შაკილ ო’ნილისგან მიიღო. შაკიმ თავისი ზომის შესაბამისად Ferrari გადააკეთა. კობიმ კი Lamborghini ლოს-ანჯელესში, Exclusive Motors-ში მიიყვანა და ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფიც იქ დაუყენა.

ავტომობილის საბაზისო ღირებულება $270 000 იყო, ხოლო მოდიფიკაციების ჩათვლით, Murciélago-ს ფასმა $400 000-ს მიაღწია. მანქანა 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითა და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ეს Lamborghini 575 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს.

მარადიულ კლასიკებს შორის, ჩვენს ყურადღებას კობის 1967 წლის Pontiac Parisienne Convertible იპყრობს. კოლექციის გამორჩეული მოდელი კობიმ საჩუქრად რეპერ Snoop Dogg-ისგან, 2016 წელს, Los Angeles Lakers-ში კარიერის ბოლო თამაშზე მიიღო. უნიკალურია ამ მოდელის როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, რომელიც Los Angeles Lakers-ის ფერებშია შეღებილი. ცნობისთვის, Pontiac Parisienne 6.5-ლიტრიანი V8 ძრავითა და 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ამერიკული კლასიკა 325 ცხენის ძალას და 540 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები