ჩინეთის ყველაზე ბრიტანული როდსტერი 2026 წლისთვის გამოვა
ელექტრო როდსტერები შესაძლოა იშვიათი იყო, მაგრამ MG თავის ელექტრომობილებზე ექსპერიმენტებს აგრძელებს. MG Cyberster-ი, სრულად ელექტრო როდსტერი, რომელიც ბრიტანულ სტილს ჩინურ ინჟინერიასთან აერთიანებს, 2026 წლის მოდელისთვის განახლებების სერიას მიიღებს. ეს კი, გამოსვლიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ხდება.
გასული წლის აპრილში, 2025 წლის შანხაის ავტოშოუზე პირველი გამოჩენის შემდეგ, განახლებული 2026 წლის Cyberster-ი გაყიდვებში 30 ივნისს, ჩინეთში ჩაეშვება. ექსტერიერის დიზაინი უცვლელი რჩება, თუმცა ფერთა პალიტრა ორ ახალ ალტერნატივას გვთავაზობს: Iris Green-ი და Andes Gray. MG ასევე წარმოგიდგენთ Cyberster Black Edition-ს, რომელიც სრულად შავი ექსტერიერით და ალუმინის გაპრიალებული დისკებითაა წარმოდგენილი. დიზაინერებმა ინტერიერში ორი ახალი ფერის კომბინაციაც შეიმუშავეს - შავი და წითელი ან ნაცრისფერი და თეთრი.
ჩინური მედიის ცნობით, 2026 წლის MG Cyberster-ი საბარგულში უფრო მეტ ადგილსაც უზრუნველყოფს, ვიდრე წინა მოდელები. სხვა განახლებები მოიცავს, როგორც MG უწოდებს - Convertible counter function-ს (კაბრიოლეტის სახურავის საბარგულში მალვის ფუნქცია), ახალ ხმოვან ეფექტებთან და უფრო მგრძნობიარე ხმის ამომცნობ სისტემასთან ერთად.
როგორც ჩანს, უცვლელი დარჩება ძრავებიც. როდსტერი კვლავ ერთძრავიან უკანა წამყვან სისტემას შემოგვთავაზებს, რომელიც 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ორძრავიანი სრულად ამძრავი ვერსიის შემთხვევაში, 536 ცხენის ძალას აღწევს.
მოსალოდნელია რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლებაც. მაგალითად, 2026 წლის Cyberster-ი განახლებულ ძარის ტიუნინგს და ბატარეის გაზრდილ დიაპაზონს მიიღებს. ცნობისთვის, ჩინეთში გაყიდვაში მყოფი ამჟამინდელი ვერსიები 64 კვტ/სთ და 77 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორითაა აღჭურვილი. შედეგად, მოდელი ერთი დამუხტვით 501-დან 580 კილომეტრამდე გადის.
განახლებული მოდელის ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. შედარებისთვის, არსებული MG დაახლოებით $45-$50 000-ად იყიდება. სავარაუდოა, რომ 2026 წლის განახლებები ჩინეთის გარდა 2026 წლის ბოლომდე საზღვარგარეთულ ბაზრებზეც, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოშიც გამოვა.