ჩინეთი ახალ მანქანებს მეორადად ასაღებდა და ისე ყიდდა
ჩინეთის ავტოინდუსტრია, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ახალ მანქანებს მეორადად ასაღებდა და ისე ყიდდა. ახალი ავტომობილები ასაწყობი ხაზიდან „მეორადად“ რეგისტრირდებოდა, შემდეგ კი, საზღვარგარეთ, მეორად მანქანებად იგზავნებოდა. ამ მიდგომით, ქვეყანა ავტომობილების გაყიდვებს ზრდიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ე.წ. „ნულოვანი გარბენის“ მანქანები, არასდროს გამოყენებულა, თუმცა მათი ექსპორტი ისეთ ბაზრებზე განხორციელდა, როგორებიცაა რუსეთი, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი. ეს შიდა ავტომწარმოებლებს საშუალებას აძლევდა გაეზარდათ გაყიდვები, ის მანქანები კი, რომლებიც ჩინეთში არ იყიდება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეტანათ. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეს ფასების ოთხწლიანი ომის პირდაპირი შედეგია, რაც კომპანიებს აიძულებდა ნებისმიერი გზით გაყიდვები გაეზარდათ.
ამ პრაქტიკამ ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიიპყრო, რაც ჩინური ავტომწარმოებლის, Great Wall Motor-ის ხელმძღვანელმა ჩინეთში ნულოვანი გარბენის მეორადი მანქანების გაყიდვა გააკრიტიკა. ჩინეთის ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა ეს მიდგომა ფასების შემცირებაში დაადანაშაულეს და დაუყოვნებლივი ზომების მიღებაც მოითხოვეს. თუმცა შიდა წყაროების თანახმად, „ყალბი მეორადი“ მანქანების გაყიდვა ფართოდ წახალისებულია და ამბიციური ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვან წინაპირობადაც მიიჩნევა.
როგორ მუშაობს ნულოვანი გარბენის მეორადი ავტომობილების ექსპორტის ბაზარი? - სასაწყობო ხაზიდან ავტომობილის გამოსვლისთანავე, ექსპორტიორი მას პირდაპირ ავტომწარმოებლისგან ან დილერისგან ყიდულობს, ჩინურ სანომრე ნიშანზე არეგისტრირებს და შემდეგ, დაუყოვნებლივ, საზღვარგარეთ აგზავნის. გზაში კი ავტომწარმოებელი ავტომობილს გაყიდულად ნიშნავს და შემოსავალს აღრიცხავს.