ბენზინზე მომუშავე მოდელმა, Tesla-ს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი წაართვა
გლობალური საავტომობილო ბაზარი მუდმივი ცვლილებებით ხასიათდება. თუმცა ერთი რამ ფაქტია: Toyota-ს იცის, როგორ უნდა მართოს სიტუაცია. ავტომწარმოებლის Toyota RAV4 კვლავ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია მას შემდეგ, რაც მცირე ხნით ლიდერობა Tesla Model Y-ს დაუთმო.
და საქმე მხოლოდ RAV4-ს არ ეხება: Toyota-მ მოახერხა და ათეულში მისი ხუთი მოდელითაა წარმოდგენილი. მათ შორისაა Corolla Cross-ი, Corolla-ს სედანი, Hilux-ი და Camry. უახლესი ანგარიშით, Toyota RAV4-ისა და ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი მისი ტყუპისცალის Wildlander-ის კოლექტიურმა გაყიდვებმა 2024 წელს 1 187 000 ერთეულს მიაღწია. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ Tesla Model Y-სთვის გადაესწრო, რომლის გაყიდვებმაც იმავე პერიოდში 1 185 000 ერთული შეადგინა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც RAV4, ასევე Model Y ცოტა ხნის წინ განახლდა. Toyota-მ RAV4-ის სრული რედიზაინი წარადგინა, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა, ხოლო Tesla-ს განახლებული Model Y Juniper-ი უკვე ხელმისაწვდომია.
View this post on Instagram
ამის მიუხედავად, Model Y კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის ტიტულს, თანაც შესამჩნევი უპირატესობით. თუმცა 2025 წლის მონაცემებში შენელების ტემპიც ფიქსირდება.
რაც შეეხება Toyota-ს სხვა მოდელებს: იმავე პერიოდში Toyota Corolla Cross-ის 859 000 ერთეული გაიყიდა, რაც მას მესამე ყველაზე გაყიდვად მოდელად აქცევს მსოფლიოში. მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე მისი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული. კომპაქტურ კროსოვერს Honda CR-V/Breeze SUV-ი მოსდევდა - 854 000 ერთეულით. Toyota-ს დომინირება Corolla / Levin Sedan-ით (697 000 ერთეული) გრძელდება, რომელიც მეხუთე ადგილზეა, ხოლო Toyota Hilux-ი (617 000 ერთეული) მეექვსე ადგილს სჯერდება.