Lexus: „ჩოგბურთის ყველაზე ხანგრძლივი ტურნირი რეკორდულ სიჩქარეზე მოძრავი მანქანების სახურავზე“ | ვიდეო
ათწლეულების განმავლობაში, Lexus-მა მოახერხა და მისი შესამჩნევად „მოსაწყენი“ (თუმცა, ფაქტია გონივრული) რეპუტაცია უკან ჩამოიტოვა. ეს კი, კომპანიამ ახალი მოდელების, მათ შორის LFA-ს, დახვეწილი LC-ისა და მაღალი ხარისხის F-სერიის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებით შეძლო.
ახლა კი, კომპანია ყურადღებას საინტერესო მარკეტინგული კამპანიით იპყრობს. წესით Lexus-ი ამ ხრიკით მიზანსაც მიაღწევს, რადგან საკმაოდ იშვიათად (ან შესაძლოა არც არასდროს) ვხედავთ ორ ჩოგბურთელს, რომლებიც მოძრავი მანქანების თავზე თამაშობენ.
უცნაურ კამპანიაში ჯეიმი მიურეი და ლორა რობსონი ზედიზედ 101-ჯერ ურტყამენ ჩოგბურთის ბურთს - წინ და უკან. ამ დროს კი, ავტომობილი 47 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობს. რა თქმა უნდა, Lexus-მა ჩოგბურთელების უსაფრთხოებისთვის ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა მიიღო და მათთვის, უბრალოდ NX-ის მოდელის კროსოვერებზე ასვლა და ჩოგბურთის თამაში არ დაუვალებია.
პირიქით, კომპანიამ ორი ალუმინის პლატფორმა შექმნა, რომლებიც შემდეგ სახურავის თაროების სამონტაჟო წერტილებში დაამაგრა. გარდა ამისა, მიურეი და რობსონი ოთხი უსაფრთხოების ღვედითაც იყვნენ დამაგრებულნი, ავტომობილს კი, პროფესიონალი მძღოლები მართავდნენ - დაქსფორდის აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე.
მრავალი მცდელობისა და ცოტა ჩხუბის შემდეგ, დუეტმა ორი ახალი გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პირველი: „ორ მოძრავ მანქანაზე ყველაზე ხანგრძლივი ჩოგბურთის რალი“, მეორე: „ჩოგბურთის ტურნირის დროს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სიჩქარე“.
როგორც ჩანს, წყვილს რეკორდების დასამყარებლად დაახლოებით ორი საათი დასჭირდათ. ერთ-ერთი მონაწილის, ლორა რობსონის განცხადებით, „ჩოგბურთი სპორტია, რომელიც სიზუსტეს, უნარსა და კოორდინაციას მოითხოვს, ამიტომ მოძრავი მანქანების თავზე თამაში ადვილი არ არის!“. მიურეის თქმით კი, ეს ყველაზე საინტერესო და უჩვეული გამოცდილება იყო, რაც ცხოვრებაში მიუღია.