„მე ასეთი მდიდარიც არ ვარ“ | FIA-ს პრეზიდენტი კლარკსონს, F50-ის საჭესთან
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ამჟამინდელ პრეზიდენტს, მოჰამედ ბენ სულაიემს სწრაფი მანქანები ყოველთვის უყვარდა. თუმცა როგორც კი თავისი მდიდრული კოლექციიდან Ferrari F50 გამოცადა, ლეგენდარულ ტელეწამყვან ჯერემი კლარკსონს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე არც ისეთი მდიდარი ვარ“.
სულაიემისთვის საჭესთან ყოფნა უცხო არ არის. 80-იან წლებში ის რალის მრბოლელიც გახლდათ და თავის დროზე რამდენიმე ჩემპიონატიც აქვს მოგებული. ასე რომ მისი სტატუსის, კარიერისა და რაც მთავარია სიმდიდრის ზრდა, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეშივე დაიწყო. ახლა კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელია და Formula 1-საც მეთვალყურეობს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის Ferrari-ს, Red Bull-ს, McLaren-ს, Audi-ს მსგავს ახალ ავტომობილებს მართავს და ახლა უკვე ტრასას Cadillac-ისთვისაც ამზადებს, საკმაოდ დიდ დროს საკუთარ ავტომობილებთანაც ატარებს. მათ შორის ლეგენდარული Ferrari F50-იც დაგხვდებათ.
თუმცა ერთხელ, ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც თავისივე მოდელი Top Gear-ში კლარკსონათან ერთად გამოცადა, მაშინდელმა რალის მრბოლელმა გაამხილა, რომ არც ისეთი მდიდარი იყო. მაგრამ ისიც თქვა, რომ სუპერქარებზე ფულის დახარჯვა აირჩია, რადგან დამტკბარიყო მათი მართვის სიამოვნებით მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
„მე მდიდარი არ ვარ. თუმცა რით იღებენ სიამოვნებას მდიდარი ადამიანები? როდესაც მოკვდები, არა მგონია, რომ ეს ფული კუბოში მიგქონდეს. მას თან ვერ წაიღებ“, - განაცხადა მან კლარკსონთან, როდესაც თავისი F50-ის ოდომეტრს აკვირდებოდა.
ისიც გაამხილა, რომ მისი საყვარელი მოდელი სწორედ Ferrari F50 იყო. თუმცა ეს შესაძლოა შეიცვალა კიდეც იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გაფართოვდა ახლა მისი კოლექცია. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ V8 ძრავის მოყვარულია და როგორც ამბობენ Enzo-ს საყიდლადაც „შეუნიშნავთ“.