ახალი ჩინური „სუპერქარი“ Ferrari-ის მთავარი კონკურენტია
ჩინეთის სუპერქარების ინდუსტრია სულ უფრო და უფრო ძლიერდება და როგორც ჩანს, ბაზარზე შესასვლელად კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე ემზადება. ბაზარს, რომელზეც უკვე წარმოდგენილია FAW Hongqi S9, BYD Yangwang U9 და GAC Aion Hyper SSR, ჩინური Great Wall Motors (GWM)-ი Ferrari-ის „პირდაპირ“ კონკურენტს შესთავაზებს.
Great Wall Motors (GWM)-მა საკუთარი სუპერქარის ტიზერი წარმოადგინა, პროექტი, რომელზეც კომპანია ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ტიზერი ფოტო ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გავრცელდა, რომელიც GWM-ის თავმჯდომარემ, ვეი ჯიანჯუნმა, 23 ივლისს, კომპანიის 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოაქვეყნა.
უსახელო მოდელს ფოტოზე შავი ნაჭერი აქვს გადაფარებული, რომელიც მას მთლიანად ფარავს. თუმცა სილუეტი, მანქანის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას გვაძლევს. მაგალითად ის, რომ მას კლასიკური შუა ძრავის პროპორციები აქვს: დაბალი, ფართო და უკანა მხარეს დაგრძელებული ფორმით. გვერდითა კადრიდან დამატებითი გაგრილების ხვრელებიც ჩანს, რაც ძრავის შუაში განლაგების თეორიას აძლიერებს.
მიუხედავად ოფიციალური ინფორმაციის არარსებობისა, დიდი შანსია, რომ GWM მანქანას ახლად შემუშავებული ბიტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვავს, რომელიც plug-in ჰიბრიდულ სისტემასთანაა დაკავშირებული. კომპანიის მიერ შემუშავებული ძრავის დებიუტი 2025 წლის შანხაის ავტო შოუზე შედგა. სამომავლოდ, ავტომწარმოელი ამ V8 ძრავის გამოყენებას რამდენიმე მოდელში, შორის მაღალი ხარისხის სატვირთოებსა და SUV-ებში გეგმავს.
GWM-ის წამყვანი ტექნოლოგიური ოფიცერის, ვუ ჰუი-სიაოს განცხადებით, სუპერმანქანა კარბონის მონოკოკურ შასიზე იქნება დაფუძნებული და Ferrari SF90-საც კი უკან ჩამოიტოვებს. ავტომობილის შესამუშავებლად კომპანიამ ევროპელი ინჟინრები და ექსპერტებიც დაიქირავა და მათი გამოცდილება მანქანის დახვეწისთვის გამოიყენა.