სტატისტიკა, ავტომობილების რეგისტრაცია
Aa
Aa

საქართველოში დღეში საშუალოდ 800-მდე ავტომობილი რეგისტრირდება

საქართველოში დღეში საშუალოდ 800-მდე ავტომობილი რეგისტრირდება. ამას მოწმობს მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემების დაკვირვება.

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ავტომობილების მუდმივად მზარდი მაჩვენებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუხერხებლობასთან ერთად, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასაც უკავშირდება.

კერძოდ, როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, ადამიანების უმრავლესობას დღეს ქვეყანაში ერთი სამსახური არ აქვს, ამიტომ მანქანა მათთვის დღის განმავლობაში გადადგილების საშუალებასთან ერთად, შემოსავლის წყაროც არის.

„ქუჩები სულ უფრო იჭედება, ქალაქი იზრდება სიმაღლეში“

„ავტომობილების რაოდენობა თუ გადანაწილდება გაშლილად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან რეგიონების ასამოქმედებლად საჭიროა ტრანსპორტი. თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ ეს ავტომობილების რაოდენობა ძირითადად ნაწილდება თბილისსა და ცენტრალურ ქალაქებში. ამიტომაც გვაქვს საბოლოოდ ის შედეგი, რომ ქუჩები სულ უფრო იჭედება. ქალაქი იზრდება სიმაღლეში, ქუჩები არ განივრდება, არც საპარკინგე სივრცეები ემატება და ავტომობილების რაოდენობა სულ უფრო იმატებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ავტომობილების რაოდენობის ზრდის შესამცირებლად და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წასახალისებლად უამრავი ამკრძალავი რეგულაცია შემოიღო.

მე თავიდანვე ვამბობდი, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა არ შემცირდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი დედაქალაქის და სხვა ქალაქების გეოგრაფიიდან გამომდინარე. ანუ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იქნება ისეთი მოქნილი, რომ თავიდან ბოლომდე ჩაანაცვლოს კერძო ტრანსპორტი. ბევრი მიუვალი ადგილია და მერე მეორე, გრძელი მანძილი გაქვს გასავლელი კონკრეტულ წერტილებამდე. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვინმეს ერთი წერტილიდან მეორეში გადასაადგილებლად აწყობს, იყენებს კიდეც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ეს ასე ვერ ხდება.

ამ მიდგომებით, ავტომობილების რაოდენობის ზრდას ვერ შევაჩერებთ, გამორიცხულია, მაშინ როგორც მინიმუმ, მეტროსადგურები უნდა გაჩნდეს უამრავი, ანუ ყველგან სადაც გავიხედავთ უნდა იყოს მეტროს სადგური. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენთან მოსახლეობის, ალბათ, 80% ერთ სამსახურში არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ადგილას უწევს მისვლა და გინდა თუ არა, სჭირდება გადაადგილების საშუალება. ამიტომ, ჩვენთან შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს სახლი, კომფორტის საშუალებები, მაგრამ აუცილებლად ჰყავს ავტომობილი, რადგან მისთვის გადადგილების საშუალებასთან ერთად, შემოსავლის წყაროა“, - ამბობს მევლუდ მელაძე.

ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოსი ინტერაქციული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში, 1 948 428 ავტომობილია რეგისტრირებული. 

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები