BMW-ის ორეული, რომელიც Wiesmann-ის სახელითაა ცნობილი
Wiesmann-ის შესახებ ალბათ ყველა BMW-ის ქომაგს სმენია, რადგან ეს კომპანია ერთადერთია, რომელსაც BMW თავის აგრეგატებს და სერთიფიცირებულ დეტალებს აძლევს. ეს მშვენიერი Roadster-ი იმაზე მეტად სპორტული, ჩქარი და მანევრირებადია, ვიდრე E46 M3. დიaხ E46 M3! რადგან მასში 343 ცხენის ძალიანი ლეგენდარული S54 ძრავა დგას. აღნიშნულ აგრეგატს კვლავ 343 ცხენის ძალა აქვს, თუმცა Wiesmann-ის წონა BMW E46 M3-ზე 390 კილოგრამით ნაკლებია. ეს სხვაობა საშუალებას იძლევა, რომ მართვისას აშკარად შეიგრძნოთ ის განსხვავება, რაც ამ ორ მოდელს შორის არსებობს. ამ ყველაფერს მილისებრი ძარის ჩარჩო, ალუმინის დეტალები და სიმძიმის დაბალი ცენტრიც ემატება და მანქანა ნამდვილი ბოლიდივით იქცევა. 0-დან 100-მდე 4.8 წამში ჩქარდება და თქვენი სურვილის შემთხვევაში ზუსტად იგივე DSG 2-ის გადაცემათა კოლოფით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც BMW E46 M3-ს აქვს.
სხვა მნიშვნელოვან ბენეფიტებთან ერთად Wiesmann-ის ძარა გაცილებით აეროდინამიკურია, აგრეთვე მისი სავალი ნაწილი გაცილებით სპორტულია. ამ ყველაფერს ძრავის ცენტრისკენ განლაგება და მოკლე რადიუსის მქონე საჭის მექანიზმიც ემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტომობილი იდეალურად იმართება.
იქიდან გამომდინარე, რომ Wiesmann-ი გერმანული კომპანიაა, მასში ხარისხის ნორმები ზუსტად ისეა დაცული, როგორც ეს გერმანელ ავტო ინჟინრებს სჩვევიათ. ინტერიერიც საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული. შეკვეთის შემთხვევაში 17-იანი დისკების ნაცვლად შეგიძლიათ 20-იანი დისკების დაყენება, რომელიც ძალიან იშვიათი ზომის საბურავებითაა აღჭურვილი - 275/25-ზე.
BMW-ის მოყვარულებმა კარგად იციან M3-ის შესაძლებლობები, აგრეთვე იციან ისიც, რომ Z4 M ვერსია კიდევ უფრო დახვეწილი სპორტული ავტომობილია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Wiesmann-მა მოახერხა და BMW-სგან იდეალური მოდელი შექმნა, რომელიც დიზაინით ძველ ბრიტანულ მანქანებს ჰგავს, ხოლო ქცევა კი გერმანული აქვს.