ბიემვი, ავტოწარმოება, ბიემვი მერვე სერია, ბიემვი ე31
Aa
Aa

BMW მე-8 სერიას ემშვიდობება | როგორი იქნება E31 თაობით შთაგონებული მოდელი?

BMW მერვე სერიას რეტრო სტილის ელფერით ემშვიდობება. გრანდ ტურერი, რომლის წარმოებაც მომავალ წელს დასრულდება, 1990-იანი წლების ორიგინალი მოდელის პატივსაცემად, შეზღუდული გამოშვების M Heritage-ს შემოგვთავაზებს. თანაც, განსაკუთრებულ ფერებში.

M850i xDrive Gran Coupe-ზე დაფუძნებული ავტომობილი მხოლოდ 500 ეგზემპლარად იწარმოება. Edition M Heritage პატივს E31 თაობის მერვე სერიას მიაგებს, რომელიც გაყიდვაში 1990 წლიდან 1999 წლამდე იყო. მსურველებს კი, ფერთა ფართო არჩევანი ექნებათ:  „კაშკაშა წითელი“, „მავრიკის ლურჯი“, „კოსმოსური შავი“, „დეიტონას იისფერი“ და „ოქსფორდის მწვანე“.

განსაკუთრებული შტრიხები ამით არ მთავრდება. ფერთა არჩევანის მიუხედავად, Edition M Heritage-ს კარბონის სახურავი, M-ის სამფეროვანი ზოლები აქვს და 20-ინჩიან შენადნობის დისკებზე დგას. ამ შემთხვევაში მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციას M Sport Professional-ი მოჰყვება - უკეთესი მუხრუჭებითა და შავი კალიპერებით. ინტერიერში უფრო მეტ ცვლილებას ვხვდებით - M Sport სავარძლები ალკანტარითა და ტყავითაა დაფარული, ალკანტარათია დაფარული ხელსაწყოთა პანელი და კარის პანელებიც.

Edition M Heritage-ის შესაძლებლობები სტანდარტული M850i xDrive Grand Coupe-სგან უცვლელია. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის კაპოტქვეშ 4.4-ლიტრიანი ბიტურბო V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 523 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. BMW 0-დან 100-მდე 3.9 წამში ჩქარდება, ხოლო ელექტრონულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

Edition M Heritage-ის საცალო ფასი 131 575 აშშ დოლარია, მათ შორის 1 175 აშშ დოლარი დანიშნულების ადგილზე მიტანის საფასური. ეს ღირებულება სტანდარტულ M850i Gran Coupe-თან შედარებით 23 000 აშშ დოლარით მეტია. ახალი და უკანასკნელი მერვე სერიის წარმოება 2025 წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო მიწოდება მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები