სუპერქარი, ლამბორგინი, ლამბორგინი რევუელტო, ლამბორგინი ფენომენო, ლამბორგინი ვენენო
Aa
Aa

Lamborghini-მ ყველაზე მძლავრი სუპერქარი წარადგინა ? | V12-იანი „ფენომენის“ ფასი $3 მილიონია

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Lamborghini-მ უახლესი სუპერქარი Fenomeno წარადგინა, Revuelto-ს ბაზაზე დააფუძნა და V12-ის ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომელიც 1 065 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს მაშინ, როდესაც Lambo-მ ამ მოდელს თავადვე „ფენომენი“ უწოდა.

Lamborghini-ის უახლესი მოდელის 1 065-ცხენისძალიანი სიმძლავრე განახლებული 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12-დან მოდის, რომელიც 833 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  ღირებულებაც შესაბამისია. სუპერქარის ფასი $3 მილიონს აღწევს და მისი წარმოება მხოლოდ 29 ეგზემპლარად იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ Fenomeno კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი სუპერმანქანაა და ამასთანავე, მას შეუძლია კომპანიის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილის სტატუსიც მოიპოვოს.

მონტერეის ავტომობილების კვირეულამდე „გამოჩენილი“ იტალიური ბრენდის უახლესი სუპერქარი ნაცნობ ფორმულას მიჰყვება: ექსტრემალური სტილი, ექსტრემალური შესრულება და უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა. ბევრი პრეტენზია იტალიელების მიმართ არც ვიზუალური თვალსაზრისით ისმის. როგორც Lamborghini-სთვისაა დამახახსიათებელი: „აბსოლუტურად გიჟური“. რა თქმა უნდა, ეს Veneno არ არის, მაგრამ „ძალიანაც“ არ ჩამორჩება.

წინა მხარეს, Fenomeno-ს მკვეთრი, კუთხოვანი მაშუქები მიიქცევს თქვენს ყურადღებას, ასევე ვენტილირებადი კაპოტი ორი დიდი ზომის ჰაერის გამწოვით. Lamborghini-მ ავტომობილისთვის სპეციალური შეკვეთით განსხვავებული სტილის ბამპერიც შექმნა, რომელსაც სპლიტერის გასწვრივ ფერის შესაბამისი ზოლი გაჰყვება. ორი დიდი ზომის ჰაერის შემშვები განთავსდა კარებების უკან, ხოლო ძარა ავტომწარმოებელმა სრულად კარბონისგან დაამზადა. რაც შეეხება უკანა მხარეს, გამოსარჩევი აქ Y-ს ფორმის LED-მაშუქები და 4-მილიანი ცენტრალური გამონაბოლქვი სისტემაა.

იმის გათვალისწინებით, რომ Fenomeno Revuelto-ზეა დაფუძნებული, გასაკვირი არ არის, რომ მას იგივე ძირითადი V12 ჰიბრიდული ძრავა აქვს. თუმცა, მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. იმ მონაცემების გარდა, რომელიც უკვე ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ეს მოდელი Revuelto-სთან შედარებით 0-დან 100-მდე 0.1 წამით სწრაფად, 2.4 წმ-ში ჩქარდება. მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-ზე აღწევს. თუმცა 7 კვტ/სთ-იანი ბატარეის პაკეტით, მხოლოდ ელექტრორეჟიმზე გამავლობა 20 კმ-ია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სუპერქარის ინტერიერში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვხვდება. თუმცა რეალურად, მსგავსი მოდელის მოყვარულები  სიახლეებს საინფორმაციო-გასართობ ტექნოლოგიებში არც ეძებენ. მთავარი შესაძლებლობები და მისი ექსკლუზიურობაა, რასაც ენთუზიასტები ახალ Lambo-ს ნამდვილად ვერ დაუწუნებენ. 

მსგავსი სიახლეები