Porsche-ს ყველაზე მძლავრი 911 | თქვენ წინაშეა ახალი 911 Turbo S
გასულ წელს, Porsche 911 Carrera GTS-ისთვის ჰიბრიდული ძრავა შეირჩა, ერთი მარტივი მიზეზით. ავტომწარმოებელს გამონაბოლქვის ზრდის გარეშე სიმძლავრის გაზრდა სურდა. ახლა კი იმავეს, Porsche ყოვლისშემძლე Turbo-სთვის აკეთებს და შედეგიც სახეზეა.
701 ცხენის ძალით, 0-დან 100-მდე 2.4 წამში აჩქარებით და ნიურბურგინგის „ნორდშლაიფეზე“ წინამორბედზე 14 წამზე სწრაფი დროით, 2026 წლის Porsche 911 Turbo S - რომლის დებიუტიც დღეს მიუნხენის ავტო შოუზე შედგა - დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მონსტრია. მაქსიმალურ სიჩქარეს კი ეს Porsche 320 კმ/სთ-ზე აღწევს.
ახალი, 992.2 Turbo S, Carrera GTS-ის მსგავს T-Hybrid სისტემას იყენებს. და წინა თაობის მსგავსად, აქაც 3.6-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავა გვხვდება, თუმცა ის ორი ახალი eTurbos-ის გარდა, 1.9 კვტ/სთ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ბატარეითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი. ეს უკანასკნელი თავის მხრივ 8-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფშია ინტერგირებული. სწორედ მისი საშუალებით, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.
Porsche-ს ცნობით, 911 Turbo S-ის წონა დაახლოებით 1 736 კგ-ია, რაც სპორტული ავტომობილისთვის ცოტა არ იყოს მძიმეა. თუმცა, როგორც კომპანია აღნიშნავს, წონის 82 კილოგრამით მატება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით ჰიბრიდული სისტემის საჭირო დამატებითი ნაწილების გათვალისწინებით.
სტანდარტულად, ამ მოდელის შეძენისას კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებს მიიღებთ, 16.5-ინჩიანი დისკებით წინ, ხოლო უკან 16.1-ინჩიანი დისკებით, რომლებიც შესაბამისად 325/30R21-ები 315/30R21-ების საბურავებშია გახვეული. ამას ემატება აეროდინამიკური გაუმჯობესებები და აქტიური წინა დიფუზორი, რომელიც გასაშლელ სპლიტერთან და უკანა ფრთასთან ერთად მუშაობს. Porsche-ს თქმით, გაუმჯობესებები წინაღობის კოეფიციენტს მაქსიმუმ 10%-ით შეამცირებს.
Turbo S-ის ფასი 272 650 დოლარიდან, ხოლო კაბრიოლეტის ვერსიის - 286 650 აშშ დოლარიდან იწყება. ეს 30 000 დოლარზე მეტით მეტია Turbo S-ის წინა მოდელებთან შედარებით და Porsche-ს ვარაუდით, ტარიფების გავლენით, ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.