ერთ თვეში, საქართველოში, მანქანების რაოდენობა 16 000-ით გაიზარდა
საქართველოში ამ მომენტისთვის უკვე 1.964 მლნ ავტომობილზე მეტია რეგისტრირებული. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს, რეალურ დროში მონაცემებიდან ჩანს.
თუ გავიხსენებთ „ბიზნესპრესნიუსის” მიერ ერთი თვის წინ მომზადებულ სტატისტიკას, ამ პერიოდის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 16 ათასით არის გაზრდილი. ამავე მონაცემების მიხედვით, მომსახურების სააგენტოში დღეში საშუალოდ 500-დან 800-მდე ავტომობილი რეგისტრირდება.
ამასთან, მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ამ მომენტისთვის მართვის მოწმობა 1 678 334 პირზეა გაცემული.
რაც შეეხება ავტომობილის მარკებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული, შემდეგ პოზიციებზე კი TOYOTA და FORD-ის ავტომობილებია. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში რეგისტრირებულია:
- MERCEDES-BENZ – 223 300 ერთეული;
- TOYOTA – 201 556 ერთეული;
- FORD – 178 983 ერთეული.
თუ მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობას შევაფარდებთ, გამოდის, რომ ახლა უკვე 1.8 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო, 10 წლის წინ, 3 კაცზე 1 ავტომობილი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, 2024 წლის მდგომარეობით - 3 694 600, ხოლო 10 წლის წინ - 2015 წელს, 3 721 916 ადამიანი იყო.