"ამერიკული მონსტრი" - ყველაზე დიდი პიკაპი
ამერიკული „პიკაპები“ უაღრესად დიდ მოწონებას იმსახურებენ. ისინი უზარმაზარი ძრავებითა და დიდი გაბარიტებით გამოირჩევიან. ამ ყველაფერს მათი ტვირთამწეობის მაღალი მაჩვენებელიც ემატება, თუმცა ამერიკელებისთვის „ოცნების პიკაპის“ იდეა შეუზღუდავია. მსოფლიო ავტოინდუსტრიამ 2003 წელს "მონსტრი პიკაპი“ იხილა. მისი სახელია Ford F-650 Super Truck-ი!
თავდაპირველად მისი შექმნის იდეა დიდი და მძიმე ტვირთის გადაზიდვა იყო. თუმცა ამერიკელებს ერთი უნდოდათ და მეორე გამოუვიდათ. საბოლოოდ ძალიან ძლიერი, უზარმაზარი და ეშხიანი „პიკაპი“ მივიღეთ. მიუხედავად უდიდესი გაბარიტებისა, მძღოლი საჭესთან თავს ისე გრძნობდა, როგორც მცირე ზომის „პიკაპში“. მისი მართვა ტრასაზე ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ქალაქის ვიწრო ქუჩებში გადაადგილებისას. ამ ავტომობილის უკანა დაკიდებაში ჰაერის ბალიშებს შეხვდებოდით, რადგან ტვირთის მასის მიუხედავად სიმაღლის კონტროლი და სვლის კომფორტი არ გაუარესებულიყო. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე გართულებული პარკირებისთვის უკანა ხედვის კამერა ჰქონდა დამონტაჟებული, თუმცა თქვენ, როგორ გგონიათ, ამხელა ავტომობილს გაუადვილებდა ეს საქმეს?!
აგრეგატებს რაც შეეხება, დიდი არჩევანი იყო. ჩვენი Monster Pickup-ი 6.7-ლიტრიანი და 7.2-ლიტრიანი დიზელის ძრავებით იყო აღჭურვილი. 6.7-ლიტრიან ძრავას 360 ცხენის ძალა და 1085 ნიუტონი ჰქონდა, ხოლო 7.2-ლიტრიან დიზელს კი 362 ცხენის ძალა და 1166 ნიუტონი. ამ მოდელში ბენზინის ძრავაც იყო გათვალისწინებული - V10 ტიპის 6.8 ლიტრის მქონე ძრავა 362 ცხენის ძალას და 620 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ამ ციფრების შემდეგ ადვილი მისახვედრია, თუ რა ზომის და წონის ტვირთების გადატანა შეეძლო ამ „სუპერპიკაპს“.
საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ Ford F-650 ფუფუნების საგნად ჩამოყალიბდა, მათ შეძენას მცირებიუჯეტიანი კომპანიები და უბრალო მძღოლები ვერ ახერხებდნენ. ამ ავტომობილს ყურადღების მისქცევად და ამერიკული ოცნების დასაკმაყოფილებლად უფრო წარმატებით გამოიყენებდნენ, ვიდრე დანიშნულებისამებრ.