მანქანის არომატიზატორი ბენზინის სურნელით — KIA-ს სიახლე ელექტრომობილების ნოსტალგიური მძღოლებისთვის
ფინეთი იუმორით განთქმული ქვეყანა ნამდვილად არ არის, თუმცა Kia-ს ფინური განშტოების სიახლე ნამდვილად მშვენიერი ხუმრობაა — ბენზინის სურნელის მქონე არომატიზატორი, რომელიც შეგიძლიათ, თქვენი ავტომობილის უკანა ხედვის სარკეზე დაკიდოთ.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, კანისტრის ფორმის არომატიზატორი შექმნილია იმისათვის, რათა ადამიანებს „ავტომობილების მართვის ახალ ერაში გადასვლაში დაეხმაროს“.
ხართ ელექტრომობილის ახალი მძღოლი და მოგენატრათ ბენზინის სუნი? თუ პასუხი დადებითია, ეს არომატიზატორი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
სამწუხაროდ, ეს კონკრეტული არომატიზატორი შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მას მხოლოდ ახალი Kia EV4-ის მყიდველები მიიღებენ, თუმცა იდეის გამოყენება სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ...
ეს ხუმრობა ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომლითაც სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი იუმორის გამოყენებით ფინეთში ელექტრომობილების პოპულარიზაციას ცდილობს.