მერსედესი, მერსედეს ბენცი, ოლა კალენიუსი
Aa
Aa

Mercedes-ის უარი აშშ-ს: „ჩვენი ფესვები გერმანიაშია“

გერმანული ავტომწარმოებლის, Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა გაამხილა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია კომპანიის შტაბ-ბინის შეერთებულ შტატებში გადატანას ცდილობდა. თუმცა, საბოლოოდ, Mercedes-მა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

The Pioneer-თან საუბრისას კალენიუსმა აღნიშნა, რომ შტაბ-ბინის გადატანის სანაცვლოდ მათ საგადასახადო და სხვა ტიპის ბენეფიტებზე გარანტიები მიიღეს. მან გაკვრით ისიც თქვა, რომ კომპანია ამ იდეით დიდად დაინტერესებული არც ყოფილა. კალენიუსის განცხადებით, „სამქიმიანი ვარსკვლავი 100 წელზე მეტია გლობალური კომპანიაა“, თუმცა მისი ფესვები მყარადაა გადგმული გერმანიაში და ამის შეცვლა არ იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციამ Mercedes-ს ამ შეთავაზებით დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა. ეს ნიშნავს, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში პირველივე დღეებში იყო. 

მიუხედავად უარისა, აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმა და პერიოდულმა მუქარამ გადასახადების გაზრდის შესახებ, Mercedes-ის გეგმები ნაწილობრივ მაინც შეცვალა. ცნობისთვის, კომპანიას უკვე აქვს უზარმაზარი ქარხანა ალაბამას შტატში, თუმცა მაღალი ტარიფებისგან თავის დასაცავად გადაწყვიტა, 2027 წლიდან GLC მოდელის წარმოება აშშ-ში გადაიტანოს. იგივე შეეხება მოდელებს: GLE, GLE Coupe, GLS, EQE SUV და EQS SUV.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტიციებზე საუბრისას კომპანიამ ჯორჯიის შტატში კვლევებისა და განვითარების (R&D) ახალი ცენტრის გახსნაც დააანონსა. აღნიშნული პროექტი მხოლოდ ნაწილია Mercedes-ის იმ მრავალმილიონიანი ინვესტიციებისა, რომელსაც მომავალ წლებში უნდა ველოდოთ.

ფოტოს წყარო: carscoops.com 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები